თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. იანვრის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს PCR–ტესტირება ჩაუტარდებათ, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.
მისი განმარტებით, 2020 წლის მარტიდან გატარებული პრევენციული, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს კი უწყებამ ინტენსიური ტესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„ქალთა №5, ბათუმის №3 და არასრულწლოვანთა №11 დაწესებულებებში PCR–ტესტირება უკვე დასრულდა. აღნიშნული პენიტენციური დაწესებულებებიდან მხოლოდ ქალთა დაწესებულებაში დაფიქსირდა კორონავირუსის 23 შემთხვევა. კორონავირუსზე ტესტი 329 ქალ მსჯავრდებულს ჩაუტარდა“, – განაცხადა პატარიძემ.
მისი განმარტებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მათგანი უსიმპტომო პაციენტია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში მოთავსებული 46 პატიმრიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, 46 პატიმარს შორის, რომლებსაც PCR–ტესტირება ჩაუტარდათ, არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ისე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. კოვიდ-ინციფირებულებია N15 პენიტენციური დაწესებულების ორი მსჯავრდებული, ერთი N17 და ერთი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.
პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა – ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.
აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა.
ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის 156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.
„არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.
„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.
მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.
ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.
„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.
მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.
კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.
მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.