ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგონა გარდაიცვალა

233
(განახლებულია 09:36 07.01.2021)
კლინიკაში შეყვანისას ინფიცირებულ პაციენტს ფილტვების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ დღეს კორონავირუსით 21 წლის გოგონა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი გოგონას დეკემბერში დაუდასტურდა. კლინიკაში პაციენტი 12 დეკემბერს ფილტვების მძიმე დაზიანებით შეიყვანეს. ამასთან მას ჰქონდა რისკ-ფაქტორიც — ჭარბი წონა.

პაციენტის მდგომარეობა 26 დეკემბრიდან კიდევ უფრო დამძიმდა და იგი რეანიმაციაში მოათავსეს.

„დაზიანების ინდექსი შეფასდა 18-20-ით, მაქსიმუმი კი 24-ია. პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და გართულებული სუნთქვა. ამის გამო კი რამდენიმე დღეში საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვის აპარატზე გადაყვანა“, — განაცხადა „ბაუს“ საერთაშორისო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ცირა აბულაძემ.

აბულაძის ინფორმაციით, კლინიკის მედიკოსებთან ერთად მკურნალობის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც თბილისის წამყვანი სპეციალისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მედიკოსები.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.666-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

233
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

15
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლის დოზირებაც ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

15
ამირან გამყრელიძე

„დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა“ - მოსახლეობის 60% ვაქცინაციისთვის მზად არის

36
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ეპიდემიას ვერ მოერევა და ვირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. წინასწარი გამოკითხვებით, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 50-60% მზაობას გამოთქვამს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთავრობო გეგმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

„მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ძალიან მინდა, მოსახლეობის 60% წელს ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

როდის მიიღებენ ვაქცინას „ჩვეულებრივი“ ადამიანები: იმნაძის განმარტება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

36