თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა.
კანონის რამდენიმე თავი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 2020 წლის 14 ივლისს მოაწერა, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ორი თავი 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.
როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს:
კანონის ნორმების თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცვას.
ასეთ გარანტიათა შორისაა განათლების უფლების სრული რეალიზება, მათ შორის, განათლების ინკლუზიურ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც შშმ პირს საშუალებას აძლევს მიიღოს არა მარტო საშუალო, არამედ უმაღლესი განათლებაც.
გარდა ამისა, შშმ პირებისთვის ამოქმედდება პროფესიული ორიენტაციის პროგრამები.
ამიერიდან ხელისუფლება ასევე იზრუნებს შშმ პირებისთვის სამკურნალო დაწესებულებების მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციის ახალი სახელმწიფო პროგრამების შექმნაზე.
სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს შშმ პირების დასაქმებაზე სპეციალური პროგრამებისა და სპეციალური მექანიზმების შექმნის გზით დამსაქმებელთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.
გარდა ამისა, სახელმწიფო შესაძლებლობას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დაქორწინდნენ მეურვის თანხმობის გარეშე და ასევე თავად გადაწყვიტონ, რამდენი შვილის ყოლა სურთ და რა ინტერვალით.
შშმ პირებს მიენიჭათ უფლება, თავად წარმოადგინონ საკუთარი უფლებები პოლიციაში, ნოტარიუსსა და სასამართლოში.
კანონის თანახმად, შშმ პირი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში მიმართვისას, შეძლებს მიიღოს პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომელიც დაეხმარება მას ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში.
ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.
ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.
ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.
ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.
ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
მისი თქმით ის ტავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - დაწერა მინისტრმა.
18-20 იანვარს დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, შეხვდა ესპანეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.
წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.
GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.
„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.
კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.
თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>
დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.