ლაბორატორია

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

55
(განახლებულია 19:13 05.01.2021)
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 199 მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 93 ადამიანი.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 201 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რეგიონში კორონავირუსისგან 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 93 პირი.

მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადის 205 პაციენტი. აქედან რუხის კლინიკაში - 75, „სენამედის“ კლინიკაში - 38. მათ შორის მძიმე არის ხუთი პირის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში 18 პაციენტია, მათ შორის ოთხი არის მძიმე. აბაშაში, „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 11 პაციენტია. სენაკში, „ლაზიკა მედის“ კლინიკაში – 33. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2.646 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222.787-მდე.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 232.079 შემთხვევა.

55
ზამთრის გზები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

164
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა.

„ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქობულეთის შემოვლით გზაზე  მოძრაობა თავისუფალია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

164
ცარიელი კლასი

ტიკარაძე: თებერვლიდან განვიხილავთ გახსნებს, თუმცა...

412
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორი და განათლების სექტორი არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელთა გახსნაზეც მიმდინარეობს საუბარი.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გახსნის ობიექტად პირველ რიგში განიხილავს სავაჭრო სექტორს, რადგან  საახალწლო პერიოდში ამ სფერომ რეგულაციები დაიცვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორის შემდეგ  განიხილება განათლების სექტორის გახსნა.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები. განათლების სფეროში განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით მაღალი და დაბალი რისკის მატარებელ კლასებად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ ბავშვებისა და პედაგოგების დაცვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობას რეგიონები დაყოფილი აქვს წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნაც ეტაპობრივად მოხდება.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

412
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე ძალის მოლოდინში

0
(განახლებულია 00:09 21.01.2021)
ხელისუფლება საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 100 კაცამდე შევსებას ელოდება, ოპოზიციის ნაწილი კი როგორც ირკვევა, ელოდება, როდის დაიმშევა ხალხი და გამოვა ქუჩაში - მისი რადიკალური ფრთა არ მალავს, რომ საგაზაფხულოდ აქციებისათვის ემზადება... 

როგორც ჩანს, არც ხელისუფლების ოცნებას უწერია ასრულება და არც - რადიკალური ოპოზიციის. საქმე ის გახლავთ, რომ საგაზაფხულო სესიამდე 10 დღით ადრე 54 ოპოზიციონერი მყარად დგას იმ აზრზე, რომ პარლამენტში არ შევა. ოპოზიციას კი, რომელსაც საგაზაფხულოდ გრძელვადიანი და მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა სურს, ავტორიტეტი ისედაც არ გაზრდია 2012 წლის შემდეგ და ეხლა სულ შემოეხა ტანზე დარჩენილი რეიტინგი ამდენ ლანძღვა-გინებასა და გარჩევებში და რისი იმედი აქვს, ძნელი სათქმელია...

პარალელურად, მიმდინარეობს ფიქრი მესამე ძალის შექმნასა და გაძლიერებაზე ადგილობრივი და შემდეგ  საპარლამენტო არჩევნებისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ძალას გულისხმობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნებას არ გამორიცხავს.

საქმე ისაა, რომ ე. წ. მესამე, დასავლური ძალა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის გარშემო ვერ ჩამოყალობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში ბანკირები დიდად არ უყვართ და მათ მხოლოდ ჩრდილიდან შეუძლიათ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ფულის კეთება. მიუხედავად „ლელოს“ კარგი სტარტისა, მათ დასაწყისი უკეთესი ჰქინდათ, ვიდრე რეალური შედეგი. არავინ ელოდა, რომ ეს გაერთიანება 10 პროცენტსაც კი ვერ აიღებდა.

ამიტომ გამორიცხული არ არის, გაზაფხულზე ახალი პროდასავლური გაერთიანება გამოიკვეთოს ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის, პარლამენტის ექსთავმჯდომარე უსუფაშვილის, ექსექსპერტის გია ხუხაშვილისა და მათი თანამოაზრეების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს არც გმირი ბაზალეთის ტბის ძირიდან და არც - მათი დამფინანსებელი, სავარაუდოდ ისინი შეეცდებიან რესურსი დასავლეთის რომელიმე ადმინისტრაციაში მოძებნონ, რადგან არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპაც უდიდესი ცვლილებების წინაშე დგას - 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, პოსტიდან თვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელი მიდის, რამაც, შეუძლებელია, ცვლილებები არ გამოიწვიოს საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსვლას გეგმავს ლევან ვასაძე, ყოფილ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც ალბათ, „პატრიოტებს“ უფრო წაართმევს ხმებს, ვიდრე ლიბერალურ ძალებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სერიოზული იდოლოგიურ-საკადრო კრიზისია და ძალთა ახალი კალეიდესკოპის დალაგება დროსა და რესურსებს მოითხოვს.

0