ხანძრის კერები სამეგრელოში: რა ვითარებაა რეგიონში

ხანძრის კერები სამეგრელოში: რა ვითარებაა რეგიონში

241
(განახლებულია 00:25 05.01.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ცეცხლის 40  კერიდან ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

სამეგრელოში დღის განმავლობაში ხანძრის ათეულობით კერა დაფიქსირდა. თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა. თუმცა, ძლიერი ქარის გამო ხანძარი კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე გავრცელდა, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა ხანძრის 40 შემთხვევა.  ამ დროისთვის 11 კერა ლიკვიდირებულია, ხოლო რვაზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი.  ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ. 

ძლიერი ხანძარია წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე გურიის, იმერეთისა და აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურები

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა და სასოფლო სამუშაოები სახელდება.

 ძლიერი ქარის შედეგად დღეს დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ნიკა ლატარია

241
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

19
აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ შემსუბუქებას ითხოვენ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

კანცელარიასთან შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ მოუწოდებენ მთავრობას, შეამსუბუქოს რეგულაციები. მათივე განცხადებით, გახსნის შემთხვევაში მზად არიან რეკომენდაციები და არსებული წესები მკაცრად დაიცვან.

ასევე, აქციას ესწრებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. როგორც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ შეზღუდვები არ მოიხსნა, ქვეყანას სიღარიბე ემუქრება.

„მე მგონია, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული. ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. პირადად მე ამ მოთხოვნებით ვარ მოსული, თუმცა შეიძლება აქ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნით არის მოსული, ზოგს ტრანსპორტი ადარდებს, ზოგს საჰაერო ფრენების გახსნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.

„უამრავი ქვეყანა არის, სადაც არ დაკეტილა არასდროს, არ დაკეტილა არც ბაღები და არც სკოლები. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ჩვენ ვართ გაცილებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას“, - ამბობს ჯაფარიძე.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,4 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 18,3 ათასი ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

19
თენგიზ ცერცვაძე

რა იცავს მათ, ვინც კონტაქტის მიუხედავად COVID-19-ით არ ინფიცირდებიან: ცერცვაძის განმარტება

76
როგორც ცერცვაძემ განმარტა, იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსით არ ინფიცირდება, შესაძლოა ვირუსის მიმართ თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნიტეტი გააჩნია

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. იმ ადამიანებს, ვინც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით არ ინფიცირდება, დიდი ალბათობით კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, არსებობს ორი ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი.

„შეძენილია იმუნიტეტი, რომელიც დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ დაგვრჩება, ხოლო თანდაყოლილი იმუნიტეტი კი დაბადებიდან აქვს ადამიანს“, - ამბობს ცერცვაძე.

ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა, ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან, სწორედ კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტის გამო არ დაინფიცირდეს.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანმა, ვისაც ახლა გავრცელებული COVID-19 არ ემართება, უკვე გადაიტანა სხვა რომელიმე კორონავირუსული ინფექცია.

„არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება, ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით, რასაც გაციებითი დაავადებები ჰქვია, იქ კორონავირუსებია 15-20%-ში და შესაძლოა ისეთი კორონავირუსიც გადაიტანა, რომელსაც ჯვარედინი ცილები ჰქონდა ახალ კორონავირუსთან, რამაც მისცა იმუნიტეტი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

76

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო

0
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ხელისუფლების მიერ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამთავრობო ადმინისტრაციის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები. გარდა პირბადეების სავალდებულო ტარებისა და დისტანციის დაცვისა, დიდ ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების ნაწილი, არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები. 

 

0