მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წლიური მუშაობა შეაჯამა

171
(განახლებულია 21:23 31.12.2020)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ამის პარალელურად მათ 45 ათასზე მეტი დავალება შეასრულეს.

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. 2020 წელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წლიური მუშაობა შეაჯამა.

უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მეხანძრე-მაშველებმა 45 ათასზე მეტი დავალება შეასრულეს. მათ შორის 15 ათასზე მეტი სახანძრო და 30 ათასზე მეტი სამაშველო დავალება, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

მეხანძრე-მაშველები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები კორონავირუსთან ბრძოლაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ ექიმებს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადაადგილებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების დეზინფექციაში. ასევე მათი დახმარებით მარნეულში 100 მოქალაქეზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

უწყების ცნობით, 2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალები გაძლიერდა 50-ზე მეტი ერთეული ახალი ტექნიკით, ხოლო 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სპეციალური მანქანა განახლდა. რითაც რეგიონებში შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანობა გაიზარდა. ასევე სამი ახალი შენობა აშენდა ბორჯომში, ანაკლიასა და წალენჯიხაში. ამასთან 2020 წლის ზაფხულში ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი, შემოდგომაზე კი სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას სრულად მიენიჭა ოფიცრის წოდება. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ პირად შემადგენლობას დაენიშნა ყოველდღიური კვება, ასევე მყვინთავი მაშველების ხელფასი 100%-ით გაიზარდა.

„2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსხვერპლი არ ყოფილა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ასევე, საამაყოა სახანძრო-სამაშველო ძალების შევსება, ჩვენს რიგებს არაერთი ახალი მეხანძრე-მაშველი შეემატა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომელი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვას.

171
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

16
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

16
ბათუმის ხედი

აჭარა გახსნისთვის მზად არის, თუმცა უქმეებზე „ჩაკეტვა“ რჩება

26
(განახლებულია 18:50 27.01.2021)
ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში, კერძოდ კი აჭარაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-რეიტინგის ლიდერი იყო, თანდათანობით უმჯობესდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნევს აჭარის სრულ გახსნას, რადგან იქ ვითარება სტაბილურია და ინფიცირების დაბალი დონე ფიქსირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერონე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ჩაკეტილი უქმეების მოქმედება ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში, სადაც 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და ბაზრობები.

„დარჩება შაბათი-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტრანსპორტის, სარესტორნო სექტორისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, აჭარაში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.

26