ლევან რატიანი

ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

486
(განახლებულია 18:54 31.12.2020)
ფოთში დაიბადა და გაიზარდა ორი ცნობილი ექიმი და ამ ქალაქმა მათი დამსახურება ქვეყნის წინაში ღირსეულად დააფასა.

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ცნობილ ქართველ ექიმებს ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ, აღნიშნულია ფოთის მერიის განცხადებაში.

ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ასე გამოხატა თავისი მადლიერება ფოთელების მიმართ, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის საგანგებო პირობებში ქვეყანას უანგარო სამსახური გაუწიეს.

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია ონლაინ–რეჟიმში გაიმართა, მას ქალაქის მერის გარდა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„სწორედ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ამ პანდემიური ვითარებისას არის საიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

რატიანი: ვერ გეტყვით, როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში>>

ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ის ასევე კითხულობს ლექციებს სტუდენტებისთვის. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი 1988 წელს ქალაქ ფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა. სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.

486
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

13
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

13
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

12
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

12