საახალწლოდ მორთული პრეზიდენტის რეზიდენცია

დღეიდან მსურველები საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებას შეძლებენ

392
(განახლებულია 11:27 31.12.2020)
ორბელიანების სასახლე, სადაც ახლა საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს, დამთვალერებლებს მთელი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე – საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ახალი წლის დღეებში დამთვალიერებლებს მიიღებს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.

ნებისმიერი მსურველი 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოსა და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერებას შეძლებს.

„ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსურველები სასახლის ეზოს დათვალიერებას 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეძლებენ.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა, უარი თქვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს განახლებული ავლაბრის რეზიდენციის დაკავებაზე და ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

რემონტის დასრულების შემდეგ ორბელიანის სასახლეს ძველებური იერი დაუბრუნეს და ანტიკვარული ავეჯითა და ინვენტარით მოაწყვეს. ძველი ავეჯის ნაწილი ადგილობრივ ოჯახებში, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ შეიძინეს.

392
თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

11
(განახლებულია 15:54 25.01.2021)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ სპორტულ სამყაროს.

 

თბილისი, 25 იანვარი  – Sputnik.  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხიერელი 75 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. 

სხიერელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორიცაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი,  მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ა.შ.

2018 წელს  ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში სხიერელის მონუმენტი გაიხსნა. როგორც მაშინ ხინჩეგაშვილმა განაცხადა:

 „ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა. მას პატივს სცემენ საქართველოში, მან გორში თავისუფალ ჭიდაობას ჩაუყარა საფუძველი. მანამდე გორში მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა, თავისუფალი ჭიდაობა კი კარგად არ იცოდნენ. ახლა ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვართ სპორტის ამ სახეობაში. გორელები უცვლელი წევრები არიან ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხინჩეგაშვილმა Facebook–გვერდზე დაწერა:

 „შენ გული გაგვიტეხე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები! მშვიდად განისვენე, ლეგენდა! მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ყოველთვის იქნებით“.

11
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვამ თურქეთისგან საინჟინრო მოწყობილობები მიიღო

13
(განახლებულია 16:31 25.01.2021)
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. 

საქართველომ, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს>>

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

13
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

0
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდა.

ამასთან, სესიაში მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს დუნია მიატოვიჩს.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

PACE: საქართველოში ამომრჩეველთა სიებს ენდობიან>>

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

0