ეპიდემია. ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

87
(განახლებულია 18:19 30.12.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.738 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 743 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოავლინა>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 301, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 138, ქვემო ქართლი – 123, აჭარა – 115, შიდა ქართლი – 100, კახეთი – 107, გურია – 46, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 210.445-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.481-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 12.941 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.480 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.570, იმერეთში – 1.055, აჭარაში – 488.

1.001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 346 პირი, მათგან თბილისში – 188, იმერეთში – 52, აჭარაში – 29.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.223 ადამიანი, მათ შორის 541 – აჭარაში, 458 – თბილისში, 85 – იმერეთში. 6.238 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 176, აჭარაში – 78, ხოლო იმერეთში – 13.

თვითიზოლაციაში იმყოფება 32.670 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.745 პირი, იმერეთში – 3.660, აჭარაში – 2.800.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

87
ბაკურიანი

„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

53
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზეა, მხარს უჭერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>

მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.

„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.

არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.

საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.

 

53
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემცირების სტრატეგიაზე მუშაობს

149
(განახლებულია 18:08 18.01.2021)
როგორც გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკების დიდმა რაოდენობამ გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, საჭირო გახდება მათი რაოდენობის შემცირება.

გაბუნიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება  მცირე ზომის კლინიკებს, რომელთა სიჭარბე მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებისა და არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

„მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში. კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, აღნიშნულთან  დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს.

კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს>>

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს  არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის.  მინისტრმა ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნა ბიზნეს–ინტერესებით ახსნა.

149
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
ორბელიანის სასახლე

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

0
პანდემიის პერიოდში ქუჩის მუსიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კონცერტი მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.

0