ვახო ბიჭიკაშვილი და სოფო რევია

ვახო ბიჭიკაშვილი მეუღლესთან ერთად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მსახიობის აღსარება

26394
(განახლებულია 22:04 28.12.2020)
ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ იუმორისტული შოუს მსახიობმა მისი ცხოვრების შემზარავი ისტორია გაიხსენა. რა მოხდა ვახო ბიჭიკაშვილის ოჯახში და როგორ გადაურჩა ის ოჯახთან ერთად სიკვდილს?

მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი მხიარული როლების წყალობით აქტუალობას 10 წელზე მეტია უპირობოდ ინარჩუნებს. სხვადასხვა სკეტჩების და პერსონაჟების ავტორი, ტელეწამყვანობასაც შესანიშნავად შეეწყო და საზოგადოებას თავი ამით უფრო დაამახსოვრა. რამდენიმე წლის წინ ბიჭიკაშვილი გადაცემის „გააცინე და მოიგეს“ ჟიურის წევრი, მოგვიანებით კი წამყვანი გახდა. მისი წარმატების ისტორია სტუდენტობის ასაკში დაიწყო.

სწორედ ამ უდარდელ პერიოდს უკავშირდება მომავალი მეუღლის გაცნობაც. წყვილი თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთ პოპულარულ ფაკულტეტზე სწავლობდა, რა დროსაც ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ახლა წყვილი ორ უსაყვარლეს ვაჟს ზრდის. როგორც ვახო თავად ჰყვება, მას არ უჭირს რუტინული საქმეების შესრულება და საკუთარ მეუღლეს დიდი სიამოვნებით ეხმარება სახლის საქმეში. თუმცა, მათი ცხოვრება შეიძლება ძალიან დრამატულად განვითარებულიყო.

წყვილი 10 წელზე მეტია ერთად ცხოვრობს. მათ ერთმანეთს ძალიან ამსგავსებდნენ, რამაც სოფო რევია და ვახო უფრო დააახლოვა. ვახო ბიჭიკაშვილი მეუღლის მშობიარობასაც დაესწრო და ამ პროცესს დიდი ენთუზიაზმით ჰყვება. ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო. იუმორისტული გადაცემების მსახიობმა მეუღლესთან თანაცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი გაიხსენა. მან აღიარა, რომ სოფოსთან ერთად სიკვდილს გადაურჩა.

„ნაქირავებ ბინაში გაზმა გაჟონა, როდესაც ახალი შეუღლებულები ვიყავით. ე.წ. CO გაიპარა და ისე ვიწამლებოდით, ვერ გავიგეთ. ცუდად გავხდით. სოფო აბაზანაში შევიდა, მე დივანთან ჩამეძინა. შემდგომ სოფო აბაზანიდან გამოვიდა, დასაძინებლად ვემზადებოდით და მე გული ამიჩქარდა. სოფოს წამლის მოტანა ვთხოვე და მიპასუხა, რომ ვერ დგებოდა. ორივეს გამაყრუებელი წუილი გვესმოდა და მივხვდი, რომ ეს ხმა გარედან არ შემოდიოდა. სოფო სამი თვის ფეხმძიმე იყო და საწოლთან დაეცა, გონება დაკარგა. ამ დროს ძალები მოვიკრიბე და აივნის კარი გამოვაღე. სოფო იატაკზე უგონოდ იყო, სანამ მეზობლებს არ ვთხოვე დახმარება. მათ სასწრაფო გამოიძახეს“, – იხსენებს ვახო ბიჭიკაშვილი.

26394
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)
ზამთრის გზები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

159
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა.

„ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქობულეთის შემოვლით გზაზე  მოძრაობა თავისუფალია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

159
ცარიელი კლასი

ტიკარაძე: თებერვლიდან განვიხილავთ გახსნებს, თუმცა...

386
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორი და განათლების სექტორი არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელთა გახსნაზეც მიმდინარეობს საუბარი.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გახსნის ობიექტად პირველ რიგში განიხილავს სავაჭრო სექტორს, რადგან  საახალწლო პერიოდში ამ სფერომ რეგულაციები დაიცვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორის შემდეგ  განიხილება განათლების სექტორის გახსნა.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები. განათლების სფეროში განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით მაღალი და დაბალი რისკის მატარებელ კლასებად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ ბავშვებისა და პედაგოგების დაცვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობას რეგიონები დაყოფილი აქვს წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნაც ეტაპობრივად მოხდება.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

386
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

0
(განახლებულია 09:53 21.01.2021)
მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%–ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.

0