ვაჭრობა ნავთლუღის ბაზარში

ნავთლუღში გარემოვაჭრეები ვაჭრობის ნებართვას და დახლების დადგმას ითხოვენ

125
(განახლებულია 18:58 27.12.2020)
გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების დადგმა დილიდან სცადეს, თუმცა ამის საშუალებას მუნიციპალური ინსპექცია არ აძლევს

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, თუმცა შეზღუდვები აგრარული ტიპის ბაზრებს არ შეეხო.

გარემოვაჭრეებმა დღეს დილიდან დახლების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მისცა. ისინი გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლისკენ და პროდუქტის იქ გაყიდვისკენ მოუწოდებენ. თუმცა გარემოვაჭრეების განცხადებით, ბაზარში გადასახადის გამო პროდუქტის გაყიდვა უფრო ძვირად მიუწევთ.

„ჩვენ გლეხები ვართ. გვინდა, ჩვენი პროდუქტი გავყიდოთ. გვეუბნებიან, პანდემიააო. არ გვაძლევენ საშუალებას, ვივაჭროთ და ორი კაპიკი ვიშოვოთ. გვეუბნებიან, შედით ბაზარშიო. იქ 13-14 ლარად უნდა გავყიდო ხორცი. მე ჩემ პროდუქტს 10 ლარად ვყიდი და დამაცადონ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ადგილზე მობილიზებულია მერიის ინსპექციის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ბაზრობის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

125
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვამ თურქეთისგან საინჟინრო მოწყობილობები მიიღო

4
(განახლებულია 16:31 25.01.2021)
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. 

საქართველომ, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს>>

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

4
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ეპიდემია საქართველოში

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს

12
(განახლებულია 16:31 25.01.2021)
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობა კარგად უმკლავდება პანდემიიდან გამოწვეულ გამოწვევებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, ამაზე მეტყველებს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 202 წლის დეკემბერში ჩატარდა, რესპონდენტებს კითხვა დაუსვეს: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", გამოკითხულთა 41%–მა დადებითი პასუხი გასცა.აღნიშნული მონაცემები 2020 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს რომ შევადაროთ, დეკემბერში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 3%–ით (ივნისში იყო 38%) გაიზარდა. ამასთან, ამ პერიოდში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან, 46%–დან 41%–მდე შემცირდა. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოლოდინების შეფასებისას, რესპონდენტების მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე უარესი უკან დარჩა, 39% კი ფიქრობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა. მხოლოდ გამოკითხულთა 6%–ია დარწმუნებული, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, 22%–ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 60%–ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება. პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯებს ნეგატიურად აფასებს რესპონდენტების 33%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 7%–ს.

NDI–იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა  საქართველოს მასშტაბით 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა.  პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა ამ ორგანიზაციის შეკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС) ჩაატარა.

გამოკითხვის ცდომილებაა +/–1,1%.

12
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები