დელტა

2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამი ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს

371
(განახლებულია 00:27 26.12.2020)
შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით, საქართველო პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,  პარტნიორ–ქვეყნებთან ერთად, ახალი სამი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 „სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. მომავალ წელს ჩვენ ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ უკვე დაწყებული პროექტების დასრულებისა და ახალი პროექტების განსახორციელებლად. ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში სამხედრო მრეწველობა  სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზეა კონცენტრირებული, რომელიც 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, საავიაციო ქარხნის ბაზაზე მიმდინარეობს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაცია. ასევე არსებობს საწარმო „დელტა ტექსტილი“, სადაც სამხედრო ფორმებს კერავენ.

 

371
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

18
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

18
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე

„ლილო მოლის“  მოვაჭრეები მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

23
„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მოვაჭრეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება რუსთავი 2.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. 22 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან, ხოლო ღია და დახურული ტიპის ბაზრობები 15 თებერვალიდან განაახლებენ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას არ მიიღებენ, რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

„ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისმიერი გახსნან და შეამოწმონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ თოდრიამ.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ.

„მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

23