თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანად“ დასახელდა, წლის პოლიტიკოსი კი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა. ასეთი შედეგებით დასრულდა ჟურნალისტების გამოკითხვა, რომელიც წელს პირველად ჩაატარა მედიაჰოლდინგმა Georgian Times-მა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო წამყვანი მასობრივი–საინფორმაციო საშუალებების 30-მდე ცნობილმა ჟურნალისტმა. მათ 11 ნომინაციაში ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ადამიანები შეარჩიეს.
„2020 წელი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმაოდ მძიმე იყო. ეს უკავშირდება როგორც გლობალურ პანდემიას, ისე ლოკალურ პოლიტიკურ პროცესებს. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ისევე როგორც პოლიციელები და მედიკოსები. ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვეკითხა ჩვენი კოლეგები და საზოგადოებისთვის გაგვეცნო მათ მიერ შეფასებული მოვლენები“, - აღნიშნა Georgian Times-ის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.
ხმათა უმეტესობით წლის ექიმად დასახელდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, ხოლო 2020 წლის სპეციალობა გახდა მედიკოსის პროფესია.
2020 წლის პრობლემად დასახელდა კორონავირუსის პანდემია, ყველაზე ხმაურიან პოლიტიკურ მოვლენად - სკანდალი, დაკავშირებული დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთთან. ამ მოვლენას კონკურენციას უწევდა საპარლამენტო არჩევნები და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.
მედია–გამოკითხვის თანახმად, წლის დიპლომატი გახდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, წლის ბიზნესმენად კი ჟურნალისტებმა აირჩიეს Wissol Group-ის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე.
გამოკითხვაში ფიგურირებდნენ ასევე წლის ანტიგმირები. ასეთად ჟურნალისტების უმეტესობამ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე დაასახელა. ამ ნომინაციაში მას ადგილი დაუთმეს ქვეყნის ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება კულტურასა და სპორტს, აღნიშნულ ნომინაციებში ლიდერები გახდნენ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცეკვის სტუდიის, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი („წლის კულტურული მოღვაწე“) და კალათბურთელი თორნიკე შენგელია („საუკეთესო სპორტსმენი“).
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.
„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.
მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.
დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ხვალიდან, 23 იანვრიდან, ნიდერლანდებში საჰაერო გზით შესვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.
კერძოდ, 23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, უნდა წარადგინონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც.
„ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ვალდებულება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც ვრცელდება.
PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან რამდენიმე კატეგორია თავისუფლდება, მათ შორის არიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.
ახალი წესების თანახმად, 23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ ფრენები აკრძალა შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.
გუშინ ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას დაუჭირა მხარი. კომენდანტის საათი 23 იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:30 საათამდე აეკრძალებათ. ქუჩაში გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული, მაგალითად, სამსახურში წასვლისას, სამსახურიდან დაბრუნებისას ან ძაღლის გასეირნების მიზნით.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად.