„ფეისბუქის ლოგოტიპი

დახმარება Facebook-ით: ქართველი ექიმები ადამიანებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმარებიან

56
(განახლებულია 16:31 25.12.2020)
ენთუზიასტმა ექიმებმა მოსახლეობის სამსახურში სოციალური ქსელი ჩააყენეს, ისინი მზად არიან ადამიანებს ნებისმიერ წუთს დახმარების ხელი გაუწოდონ – მისცენ კვალიფიციური რჩევა.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ასობით ექიმი გაერთიანდა სოციალურ ქსელ Facebook-ის ჯგუფში Medguide, რათა დაეხმარონ ადამიანებს უკიდურესად მძიმე ეპიდემიური ვითარების დროს, როდესაც კლინიკები ვერ უმკლავდებიან პაციენტების ნაკადს, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადები – გამოძახებებს.

თუ ეს სიმპტომები გქონდათ, ე.ი. COVID-19 გადაიტანეთ და არა სეზონური გრიპი>>

ჯგუფის შექმნის ინიციატორია სოფო ჯაფარიძე, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება მოქალაქეებს. ჯგუფში გაერთიანება, კითხვის დასმა და კვალიფიციური პასუხის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

„ჩვენ ჯგუფში ასეულობით ექიმია გაწევრიანებული, რომლებიც ჯგუფის წევრებისთვის დაუზარელად შრომობენ. ჩვენ მხოლოდ „კოვიდზე“ არ ვართ ორიენტირებული. ვფარავთ თითქმის ყველა ნოზოლოგიას, რაც ჯანდაცვის მიმართულებით არის და ვცდილობთ ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ჯგუფს მოქალაქეები მიმართავენ კრიტიკულ ვითარებაში გადაუდებელი დახმარებისთვისაც, როდესაც ვერ ახერხებენ ექიმთან ან სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებას.

ჯაფარიძემ მადლიერებით აღნიშნა, რომ ექიმები ჯგუფში უზარმაზარ საქმეს აკეთებენ, რადგან მათ ისედაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

„ისინი სრულიად უანგაროდ გვიდგანან გვერდით. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს უარი ეთქვა ან კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ლაივ-ჩართვაზე, ან ნებისმიერ სხვა აქტივობაზე. ექიმები არა მხოლოდ ჩვენი თხოვნით შემოგვიერთდნენ, არამედ ბევრმა მათგანმა თავად მოგვმართა და თავად გამოთქვა სურვილი, ჩვენი ჯგუფის წევრების გვერდით ყოფილიყვნენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯგუფი ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა და მასში უკვე დაახლოებით 70 ათასი მონაწილეა.

56
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

303
(განახლებულია 21:30 15.01.2021)
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლით აცრის პროცედურა ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამისთვის COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

303
ამირან გამყრელიძე

„დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა“ მოსახლეობის 60% ვაქცინაციისთვის მზად არის

158
(განახლებულია 21:25 15.01.2021)
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ეპიდემიას ვერ მოერევა და ვირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. წინასწარი გამოკითხვებით, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 50-60% მზადყოფნას გამოთქვამს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთავრობო გეგმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

„მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ძალიან მინდა წელს მოსახლეობის 60% ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

როდის მიიღებენ ვაქცინას „ჩვეულებრივი“ ადამიანები: იმნაძის განმარტება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

158
გველეთის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

0
(განახლებულია 11:36 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მთავარი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა კონკრეტულობა და პრაგმატიზმი. როდესაც ხელს მოჰკიდებთ ნებისმიერ საქმეს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის და რას მიიღებთ ამისგან. სწორედ ასე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ნებისმიერ საკითხში თავიანთ ინტერესებზე დაფიქრდებიან. რამის გაკეთება მხოლოდ ალტრუიზმის გამო ძალზე რთული იქნება. ამიტომ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და ვის რა სარგებელს მოუტანს ეს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ძალებისგან გამოფიტვა გემუქრებათ – სულ უბრალო საქმის გაკეთებაც კი გაგიჭირდებათ. ამიტომ სამომავლოდ გადადეთ ყველაფერი, რისი გადადებაც შესაძლებელია. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ყველაფერში ქაოსი შეიტანოთ. ამის ბრალი იქნება არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ პესიმისტური სულიერი განწყობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი იქნება, თავს შეუძახოთ და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომ ეს დღე საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გააჩენს.

კურო: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში თავის გამოჩენა შეგიძლიათ. თუმცა მთავარი მაინც დღეს გრძნობათა სპონტანურობა იქნება – ვნებათა მთელი „ქარტეხილი“. ამის საბაბი ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს – ღიმილი, პაემანზე დაპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები, რამე მინიშნება... თქვენი დღე ცისარტყელის ყველა ფერით აივსება და ყველაფერი იმ განცდების წყალობით, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

ტყუპი: დღეს რაღაც საკითხში გამარჯვება გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან ვინმესთვის კამათის მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც გადადგათ ნაბიჯი და კონკურენტები უკან მოიტოვოთ. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველს და კარიერის საკითხებს მიხედოთ.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ და შანსები რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებებია საჭირო. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მოქნილი და არასტანდარტული მოქმედება. ამისთვის კი ყველა თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული სული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ანუ გაქვთ შანსი, „მინუსი“ „პლუსად“ აქციოთ.

ლომი: ესაა დღე, როდესაც რეალობად შეგიძლიათ აქციოთ ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი. ვარსკვლავები დიდ წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამუშაო იქნება ეს, ბიზნესი, სიყვარული თუ სხვა, არ ინანებთ: გეგმები დროთა განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს „დაწვრილმანება“ და დროის უაზრო და ყოველდღიურ საზრუნავზე დახარჯვა – არ შეუშინდეთ ოცნებებს და იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ.

ქალწული: დღეს რაღაც საკითხში არჩვენის წინაშე დადგომა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ამ გადაწყვეტილებაზე შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ აჰყვეთ ემოციებს, სხვების რჩევებს, „მკითხაობას“. საკითხზე კარგად დაფიქრდით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და ეს თქვენი არჩევანი შემდეგ სანანებელი არ გაგიხდებათ.

სასწორი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ დაინახავთ და მისკენ მიმავალ გზაზე მომთხოვნი იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავისადმი. გასაკვირი არ იქნება, თუ უკმაყოფილო იქნებით და გააკრიტიკებთ ირგვლივ მყოფებს. თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ, საქმე კარგად წავიდეს, გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ მათ ექსპლუატაციას ეწევით და მათზე მბრძანებლობთ. სხვათა შორის, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ არა ადამიანებთან ურთიერთობებში.

მორიელი: დღეს „დამოუკიდებლობის“ დღე გაქვთ. ირგვლივ მყოფთა მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩხუბის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება, არაა საჭირო კამათი, საკმარისი იქნება რჩევის კითხვა – თქვენ ბრძენი მრჩევლის როლს სიამოვნებით შეასრულებთ, გაუზიარებთ მას საკუთარ გამოცდილებას, მხარს დაუჭერთ და დაეხმარებით.

მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა დღეს მხოლოდ შესაშური იქნება: აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არაა გასაკვირი, თუ ასეთი შემართებითა და მოზღვავებული ძალებით ყველაზე რთულ და მწვავე საკითხებს შეეჭიდებით, იქნება ეს ძველი, თაროზე შემოდებული საქმეები თუ ახალი პროექტი. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, ეცადოთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი „რკინისებრი“ თავდაჯერებულობით.

თხის რქა: დღეს მოულოდნელი სირთულეები გელოდებათ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უამრავი ძალა და ენერგია გექნებათ მათთან საბრძოლველად. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან, რომ აღიჭურვოთ ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ყოველი ვითარების უკან ხომ, როგორც წესი, კონკრეტული ადამიანები დგანან, ხოლო ადამიანებთან შეთანხმებას აუცილებლად შეძლებთ.

მერწყული: დღეს თქვენთვის მშრალი ფაქტებისა და ციფრების დღეა, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად არის საჭირო, გართულდება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიციაა. სამაგიეროდ, გათვლები და ფაქტების ანალიზი იოლად გამოგივათ. მიუძღვენით დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს – არ ინანებთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგალითად, გადასახადების მოწესრიგება, ბიუჯეტის გათვლა და გენიალური გეგმის შედგენა, თუ როგორ „გახდეთ მილიონერი“.

თევზები: დღეს რისკავთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შეგიძლიათ, უარი უთხრათ ირგვლივ მყოფებს დახმარებაზე, უარყოთ მათი რჩევები და ეს იმით გაამართლოთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით ყველაფერი. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ თუნდაც 100 პროცენტით იყოთ რამეში დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, იფიქროთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ. წარმატებებს დღეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიაღწევთ.

0