სასწრაფო დახმარების მანქანები

ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე მოლოდინის დრო ერთი საათით შემცირდა

1768
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ირწმუნება, რომ გადაუდებელი დახმარების ექიმები მოქალაქეთა დასახმარებლად სწრაფ რეაგირებას უმოკლეს დროში ახერხებენ.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია.

„სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება სამინისტროს  პრიორიტეტია.  2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა; ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი.

„მომდევნო წლისთვის 1.5 მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.

1768
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (247)
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

32
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

32
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება

38
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“ აფინანსებს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.

ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.

ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.

ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.

Кутаисский международный университет (КМУ)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

38