სავაჭრო ცენტრი

თურნავა: ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი

55
(განახლებულია 20:04 22.12.2020)
რეგულაციების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციას ეკისრება. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევები დაფიქსირდება, ძალიან მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში სრულად არ შემსუბუქდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტები წინასაახალწლო პერიოდში საქმიანობის განახლებას შეძლებენ, მხოლოდ კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. გარდა ამისა, მათ დამატებითი რეგულაციებიც დაუწესდათ.

თურნავას განცხადებით, სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე მათგანი შეზღუდვის პირობებს არღვევს, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს როგორც ჯარიმების გამოყენების, ასევე სავაჭრო ობიეტის საქმიანობის შეჩერების.

„ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ. ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ამ პასუხისმგებლობის აღებაზე მზადყოფნას გამოთქვამს როგორც ხელისუფლება, ისე სავაჭრო სექტორიც", – აღნიშნა თურნავამ.

21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება>>>

დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას შემდეგი დამატებითი რეგულაციებით განაახლებენ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება 07:00-დან 19:00 საათამდე; მომხმარებლები სავაჭრო სივრცეში დაიშვებიან  ნაკადების მკაცრი მართვით; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები; მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ; სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. 

55
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება

28
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“ აფინანსებს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.

ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.

ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.

ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.

Кутаисский международный университет (КМУ)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

28
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

49
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მისი თქმით ის ტავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - დაწერა მინისტრმა.

18-20 იანვარს დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, შეხვდა ესპანეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს.

49
 Georgian Water and Power-ის (GWP) თანამშრომელი

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

0
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.

წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.

თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.

 

0