სავაჭრო ცენტრი

კულუმბეგოვი: ახალი წლის დღეებში „კომენდანტის საათი“ არ გავაუქმოთ

149
(განახლებულია 15:24 22.12.2020)
დაწესებული შეზღუდვების მცირედით შერბილებამაც კი შეიძლება ეპიდემიის ახალი აფეთქება გამოიწვიოს, განაცხადა კულუმბეგოვმა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. თუ ვაცხადებთ, რომ წელს განსხვავებული ახალი წელი უნდა იყოს, მაშინ კანონით გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში „კომენდანტის საათი“ არ გავაუქმოთ, განაცხადა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. დეკემბერში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა, თუმცა ბოლო დღეებში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 824 შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების საახალწლო პერიოდში შენარჩუნებას ან მინიმალურ შემსუბუქებას უჭერენ მხარს.  

„ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე წინასაახალწლო დღეებს სერიოზული გავლენა ექნება. ჩვენ რაც არ უნდა ვთხოვოთ საზოგადოებას, რომ ახალ წელს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ და თავი შეიკავონ თავყრილობებისგან, მოსახლეობის 70–80% მაინც არ დაგვიჯერებს. ეს სადღესასწაულო დღეები კი 10–14 დღეში ეპიდემიის ტრაექტორიაზე აუცილებლად იმოქმედებს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად შეამცირა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დრამატულია. 24 დეკემბრიდან შეზღუდვების სრული ან ნაწილობრივი მოხსნა გამოიწვევს მობილობის გაზრდას და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას. როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ვისურვებდი, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას, დასძინა კულუმბეგოვმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

149
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ზამთრის გზები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

131
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა.

„ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქობულეთის შემოვლით გზაზე  მოძრაობა თავისუფალია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

131
ცარიელი კლასი

ტიკარაძე: თებერვლიდან განვიხილავთ გახსნებს, თუმცა...

330
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორი და განათლების სექტორი არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელთა გახსნაზეც მიმდინარეობს საუბარი.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გახსნის ობიექტად პირველ რიგში განიხილავს სავაჭრო სექტორს, რადგან  საახალწლო პერიოდში ამ სფერომ რეგულაციები დაიცვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორის შემდეგ  განიხილება განათლების სექტორის გახსნა.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები. განათლების სფეროში განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით მაღალი და დაბალი რისკის მატარებელ კლასებად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ ბავშვებისა და პედაგოგების დაცვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობას რეგიონები დაყოფილი აქვს წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნაც ეტაპობრივად მოხდება.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

330
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 21 იანვარს

0
(განახლებულია 17:22 20.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით გამყარდა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2982 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 21 იანვარს
ლარის კურსი 21 იანვარს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს