თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგია

778
(განახლებულია 18:45 21.12.2020)
დაწესებული შეზღუდვების ნებისმიერი შერბილება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, აფრთხილებს თენგიზ ცერცვაძე

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე იდეალური იქნებოდა, თუ მოქმედი შეზღუდვები არ მოიხსნება.

კორონავირუსის ახალმა შტამმა შეიძლება საქართველომდეც მოაღწიოს? – სპეციალისტის განმარტება >>

ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა დროებით 24 დეკემბრიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები. მთავრობამ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.

„იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო, რადგან ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ შობაზე, გერმანიაში კი ხუთი სტუმარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.

24 დეკემბერს შეზღუდვების სრული ან ნაწილობრივი მოხსნა ინფიცირების რისკს ზრდის, აცხადებს ინფექციონისტი.

„მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ძნელია. პირადად ჩემი, როგორც ექსპერტის აზრი ასეთია: ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს, ნაწილობრივ მოვხსნიდი, მაგრამ, პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოლო დღეების სტატისტიკური მონაცემები არ ნიშნავს, რომ ვირუსმა უკან დაიხია. იყო უქმე დღეები, ქვეყანაში სულ რაღაც 5 ათასამდე ტესტი ჩატარდა, რამაც შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა განაპირობა.

ეპიდვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლება პირდებოდა მოქალაქეებს, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სხვა შეზღუდვებიც მოიხსნებოდა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან - 209 ათასზე მეტი,

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

778
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
შეჩერდეს COVID-19

მობილური აპლიკაცია Stop Covid გაუქმდა

63
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე გახადა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისთვის ხელმისაწვდომი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აპლიკაცია Stop Covid–ით სარგებლობის ვადა ამოიწურა და 2021 წლის 20 იანვარს არააქტიური გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, კვლავ გააქტიურდება თუ არა აპლიკაცია და არც ისაა დაზუსტებული, რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.  

მობილური აპლიკაცია Stop covid–ი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. ინოვაციური პროგრამა  კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით შეიქმნა. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას აძლევდა პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, დროულად მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი უწყებისთვის, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ–ერთი პირობა იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 251 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 238 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 ათასზე პაციენტი.

63
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ნიშანი პარკირებაზე

„ჩვენც გვაქვს გული“: გამტაცებლებმა ავადმყოფ ქალს მანქანა დაუბრუნეს

118
(განახლებულია 19:54 22.01.2021)
პოლიციამ მანქანაში ქურდების მიერ დატოვებული წერილი აღმოაჩინა, რომლითაც ისინი ბოდიშს უხდიდნენ დაზარალებულს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.  

მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.

  • „ჩვენც გვაქვს გული. გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით“, — წერდნენ ისინი.

დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.

118
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ტოკიოს ოლიმპიადის ლოგოტიპი

კიდევ გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიადა: IOC-ი კომენტარს აკეთებს

0
(განახლებულია 22:27 22.01.2021)
IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი), თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება უზრუნველყოს

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.

თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.

ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა