სასწრაფო დახმარება

კორონავირუსის ახალმა შტამმა შეიძლება საქართველომდეც მოაღწიოს? სპეციალისტის განმარტება

107
(განახლებულია 20:03 21.12.2020)
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ტიპი, ჯერჯერობით გარკვეული არაა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში შესაბამისი კვლევები თუ ჩატარდება, შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდეს, არ გამორიცხავს ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში დაფიქსირდა. თავიდან მისი გავრცელების მაჩვენებელი 5%-ს არ აჭარბებდა, ახლა კი 70%-ს აღწევს. 

კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის დადებით თვისებად ის უნდა ჩაითვალოს, რომ, გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, ის მძიმედ არ მიმდინარეობს.

როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, არ არსებობს არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ ბრიტანეთში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ისევე, როგორც არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა ამ ვირუსზე არ იმოქმედებს.

„ინფორმაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი მეცნიერული სიახლე შემოგვეწევა რამდენიმე დღის მანძილზე", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 20 დეკემბრიდან ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კოვიდ-შეზღუდვების მეოთხე დონის ახალი სისტემა Tier Four ამოქმედდა. ახალი ვირუსის გამო ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. მსგავსი გადაწყვეტილება დღეს საქართველომაც მიიღო.

ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. ეს შაბათს ბრიტანეთის საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ახალი მონაცემები, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ან უფრო მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა.

107
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აჭარაში  ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%– ზე დაბალია

10
(განახლებულია 14:40 26.01.2021)
აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. 1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, სკოლები და საბავშვო ბაღები. აჭარაში ასევე იხსნება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში  ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრმა მედიასთან განმარტა თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, დასძინა ტიკარაძემ.

„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14–დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში  1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

10
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ადამიანები პირბადეებით

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები ქალებსა და მამაკაცებში კვლევა

23
(განახლებულია 14:39 26.01.2021)
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან რეგისტრირებულ ინფიცირებულებს შორის 57 პროცენტი ქალია და 43 – მამაკაცი

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსით საქართველოში უფრო მეტად ქალები ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. ასეთია დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეხუთე ანგარიშში „ერთი წელი COVID-19–თან ერთად“ წარმოდგენილი კვლევის შედეგები.

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება>>

ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა ქალების 57% შემთხვევაში და შესაბამისად 43 – მამაკაცებში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

ასაკი ინფიცირებულების წილი
0–14  7,4%
15–24 10%
25–34 18,7%
35–44 17,6%
45–54  15,2%
55–64 15,8%
65–74  10,5%
75–84  4%
85+  0,9%

ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ ყველაზე „ცხელ“ წერტილებად ყოველ ასი ათას მოსახლეზე, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მიიჩნევიან აჭარა, თბილისი და იმერეთი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში 15 კლინიკაში 1 620 საწოლის მობილიზება შეძლო, ასევე რეგიონებში 15 თერმოცენტრში დამატებით გამოიყო 1 050 საწოლი. დეკემბრის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის მობილიზებული იყო 82 კლინიკა 7 ათასზე მეტი საწოლით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წლის 2 აპრილიდან შეიქმნა ონლაინ–კლინიკების პლატფორმა, რომელშიც თავდაპირველად ჩართული იყო 25 ონლაინ–კლინიკა, ხოლო წლის ბოლოს მათი რაოდენობა 65–მდე გაიზარდა. პაციენტებს დისტანციურად დაახლოებით 700 ექიმი მართავს. აპრილიდან წლის ბოლომდე ექიმებმა რეაგირება მოახდინეს 250 ათას ზარზე. ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით სახლში მკურნალობდა 132 232 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, პირველადი ჯანდაცვის რესუსრსის გაძლიერების მიზნით, ოქტომბრიდან ონლაინ–კლინიკა ამუშავდა 228 თანამშრომლით, რომლებიც ორი მიმართულებით მუშაობენ – ოჯახის ექიმების მუშაობის შემოწმება (რომლებიც ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობას მართავენ) და ონლაინ–კლინიკების მუშაობის ხარისხის შემოწმება. 22 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ცენტრალურმა ონლაინ–კლინიკამ დაახლოებით 28 ათას სიმპტომებიან პაციენტს გაუწია მეთვალყურეობა. მთლიანობაში განახორციელა დაახლოებით 112 ათასი ზარი. ონლაინ–კლინიკების ოპერატორების მომსახურების შემოწმების მიზნით 303 ათასი პაციენტი გამოიკითხა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 244 თასზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 096.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

23
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ახალგაზრდა კაცი ეწევა ჩილიმს

ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია - ძალიან ცდებით, თუ პირიქით ფიქრობთ

0
(განახლებულია 15:02 26.01.2021)
ჩილიმის მოწევა სიგარეტზე ბევრად მავნებელია, ვინაიდან ამ დროს ფილტვებში ისეთი ნაწილაკები ხვდება, რომლებიც სიგარეტის მოწევისას

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ის, ვინც ჩილიმს მოწევის უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევს, ძალიან ცდება, აცხადებს ცნობილი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

მისი თქმით, რეალურად ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია.

„სინამდვილეში, როდესაც ჩილიმს ვეწევით, მავნე ნივთიერებების იმ რაოდენობას შევისუნთქვათ, რამდენსაც ერთ-ნახევარი კოლოფი სიგარეტის მოწევისას შევისუნთქავდით“, — განმარტავს ექიმი.

სპეციალისტი აზუსტებს, რომ ჩილიმის მოწევამ, კვამლის წვრილდისპერსიული ნაწილაკების ინჰალაციის გამო, შეიძლება უმძიმესი დაავადება გამოიწვიოს.

  • „ჩილიმის მოწევისას ადამიანი კვამლთან ერთად ჩაისუნთქავს წვის მიკრონაწილაკებს და მთელი პერიოდის განმავლობაში (ნაფაზი) ფილტვებში ხდება მიკროწვა, რამაც შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს“, — ამბობს მიასნიკოვი.

ექიმი განმარტავს, რომ მოწევის უსაფრთხო ფორმა არ არსებობს — ჩიბუხები და სიგარებიც კი პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ