ჰანს კლუგე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 112-ში ნანახმა

© Ministry of Internal Affairs of Georgia112-ის ცენტრი თბილისში
112-ის ცენტრი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა - ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და ის აქტივობები, რაც „112“-მა კორონავირუსის ეფექტურად მართვისთვის შეიმუშავა.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. „112“-ის ცენტრში ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ არცერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აქ ნანახმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ, განაცხადა  თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ „112“-ში ვიზიტის შემდეგ.

დღეს ჰანს კლუგე დელეგაციის წევრებთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112“-ს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად სტუმრობდა.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მოქალაქის მიერ 112-ზე დარეკვიდან შესაბამის სამსახურებთან გადამისამართებამდე.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ფუნქციები, რომელიც პანდემიის დროს დაემატა „112“-ის ცენტრს.

ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის დაუჭერს მხარს საზოგადოებრივი ჯანდაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას და სექტორებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

„იმისთვის, რაც მე თავად ვიხილე, მსურს 112-ის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ასევე დისტანციურად მომუშავე კლინიკის ექიმებს და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აქ ნანახმა“, - აღნიშნა კლუგემ.

მისი განმარტებით, სამოქალაქო ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გატარებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ზომები არ უნდა იყოს არც მკაცრი და არც რბილი და საქართველო ამ მხრივ სწორ გზას ადგას.

„თუმცა, აუცილებელია არსებულ ზომებს სოლიდარულად მივუდგეთ და კვლავ დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები და არსებული შეზღუდვები, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების კლება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა.

როგორც გუშინ ჰანს კლუგემ განაცხადა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: პირველი – საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გაცნობა, მეორე – ჯანდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხზე ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმება და მესამე მიზანი – საქართველოში ჯანმოს ოფისის მუშაობის გააქტიურება.

დღეს ჰანს კლუგე ასევე იმყოფებოდა კოვიდ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, სადაც არსებულ ვითარებას დააკვირდა. დღეს ასევე დაგეგმილია ვიზიტი ბოჭორიშვილის კლინიკაში, რომელიც კოვიდ-მართვაში ეპიდემიის დასაწყისიდან არის ჩართული.

ლომჯარია: ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება >>

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაცია სხვა კოვიდ–სასტუმროებს და კოვიდ–კლინიკებს დაათვალიერებს და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

ყველა ახალი ამბავი
0