ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე

ჯანმოს რეგიონული დირექტორი: საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საჭიროა ზომების დაცვა

110
ჰანს კლუგე კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში,  კოვიდვითარების მხრივ, დადებითი დინამიკაა, იმედი არსებობს, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ არ მივსულვართ,  საჭიროა ზომების დაცვა, განაცხადა  თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნში“ სტუმრობისას.

დღეს ჰანს კლუგე კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნს“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად  სტუმრობდა.

ჯანმოს რეგიონული დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში ახალგაზრდების ჩართვა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადვოკატირებას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სამედიცინო სფეროში.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი ექიმი, მეტი მედდა და სამედიცინო მუშაკი“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

კლუგეს განცხადებით, გვირაბის ბოლოს არის სინათლე, თუმცა, კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა.

„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-დან 10 წლამდე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთ წელზე ნაკლებ დროზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება“, - განაცხადა  კლუგემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჰანს კლუგე ჩაინიშნავს ყველა საჭირო რეკომენდაციას და ისინი ვიზიტის ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

„როდესაც ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მიმდინარეობს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავაცნოთ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჯერჯერობით ის სვამს დეტალურ კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის გამოვლენიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც გუშინ ჰანს კლუგემ განაცხადა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: პირველი – საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გაცნობა, მეორე – ჯანდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხზე ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმება და მესამე მიზანი – საქართველოში ჯანმოს ოფისის მუშაობის გააქტიურება.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაცია კოვიდ–სასტუმროებს, კოვიდ–კლინიკებს „112“-ის სამსახურს მოინახულებს და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

110
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
მდინარე რიონი

ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა: რიონის ხეობაში ორი პარალელური აქცია გაიმართა

23
(განახლებულია 17:22 16.01.2021)
რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს, შედეგად კი მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩება

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მდინარე რიონის ხეობის სოფლებში ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა, იუწყება პირველი არხი.

სოფელ ოფურჩხეთში მოსახლეობის ნაწილმა აქცია  სახელწოდებით „არ გააჩერო ნამახვანჰესი“ გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით,  ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ასევე, სოფელ ჟონეთში პარალელური აქცია გამართეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმაც. მათი განცხადებით, უკვე 83-ე დღეა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მტკიცებით,  ვერც ხელისუფლებისგან და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებლობა 500 ჰექტარი მიწის დატბორვას გამოიწვევს, მათ შორის ტყეების, სავარგულების, რამდენიმე სოფლის, რის გამოც ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მეწყერსაშიშია და ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეები მთელს დასავლეთ საქართველოს ემუქრება.

როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „ნამახვანიჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, თურქული კომპანია „ენკა" (ENKA) ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 2000 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

თავის მხრივ, კომპანია Enka Riniubels, რომელიც ნამახვან ჰესის კასკადის პროექტს ახორციელებს, ამტკიცებს, რომ კასკადის საპროექტო სამუშაოებიჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაიწყო, ხოლო პირველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 1972 წელს გაკეთდა. 2006 წელს დეტალური კვლევები ჩაატარა USAID-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ხოლო 2007 წელს - კომპანია Hydroproject International-მა. პროექტის განხორციელებადობის საბოლოო კვლევა ეკუთვნის იტალიურ კომპანია Studio Pietrangel-ს, რომელმაც ის 2015 წელს შეასრულა.

კომპანიაში იუწყებიან, რომ ტენდერის მოგების შემდეგ Enka Riniubels-მა განმეორებითი კვლევა ჩაატარა თითქმის ყველა ასპექტზე, რომელიც ადრე არის შესწავლილი.

განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰიდროგეოლოგია, მეწყრული საფრთხის ზონის სეისმურობა, ჰიდროლოგია და კაშხლის უსაფრთხოება.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქულ სამშენებლო ჰოლდინგ ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს მოიზიდავს.

23

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

64
არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა თბილისში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეოში

საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

64
ეპიდვითარება აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში კარანტინი შეარბილეს და 1 აპრილამდე გააგრძელეს

0
(განახლებულია 18:35 16.01.2021)
აზერბაიჯანში ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა ბოლო დროს არსებული სტაბილური ეპიდვითარების გამო გახდა შესაძლებელი

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1 აპრილის 06:00 საათამდე გააგრძელეს, იუწყება Sputnik-აზერბიჯანი.

25 იანვრიდან უქმდება ისეთი კომერციული ობიექტების საქმიანობის შეზღუდვა, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები და საზკვების ობიექტებისთვის ადგილზე მომსახურება. გარდა ამისა, აღნიშნული თარიღიდან განაახლებენ მუშაობას სილამაზის სალონები, მათ შორის ბინაზე მომსახურებით, მუზეუმები, საგამოფენო სალონები და საქალაქთაშორისო გადაზიდვები.

1 თებერვლის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტები, ასევე რესტორნები, კაფეები, ჩაიხანები და სხვა ობიექტები კლიენტებს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.

ამასთან ნებადართული საქმიანობების ყველა სფეროში უნდა სრულდებოდეს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ყველა მოთხოვნა.

ძალაში რჩება გადაწყვეტილება ბაქოს მეტროპოლიტენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქმეებზე მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება - კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე.

2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან  ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, შირვანში, აფშერონის რეგიონში, აგრეთვე  ლენქორანში, მასალის, ჯალილაბადის, შაქის, ზაქათალას, გუბას, ხაჩმაზის, ევლახის, ბარდის, ბილასუვარისა და ისმაილის რაიონებში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზნით პორტალ icaze.e-gov.az-დან სმს-შეტყობინებისა და ნებართვის მიღების სისტემა უქმდება.

ამასთან აზერბაიჯანის ხუთ ქალაქსა და 12 რაიონში შესვლა-გამოსვლა კვლავ არ არის დაშვებული.

ასევე სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება.

0