კურორტი წყალტუბო

წყალტუბოში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება

53
(განახლებულია 12:20 19.12.2020)
პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების შეგროვება მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებსა და სკოლებში, ასევე ტურისტულ ადგილებში

თბილისი,  3 დეკემბერი  — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 5 დიდ სოფელში - ქვიტირში, ფარცხანაყანევში, გეგუთში, მაღლაკსა და მუხიანში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება - სპეციალური კონტეინერები განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებთან.

სპეციალური კონტეინერები განთავსდება საერთაშორისო პროექტ Anti-Littering Partnership for Green Rural Areas („თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“) ფარგლებში, იუწყება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც არის საერთაშორისო პროექტის წამყვანი პარტნიორი, ნარჩენების მართვის სეპარირების დანერგვა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება არის კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით“, - ნათქვამია განცხდებაში.

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ფარცხანაყანევში - 5090, მუხიანში - 1058, მაღლაკში - 4126, ქვიტირში- 2314, გეგუთში - 5049, ჯამში კი 17 637 მოქალაქე ცხოვრობს, რაც მთლიანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (56 883) 31%-ს შეადგენს, აქედან გამომდინარე პირველ ეტაპზე აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და პლასტიკისა და ქაღალდის სეპარირება დაიწყება.

პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების შეგროვება ასევე ორგანიზებული იქნება წყალტუბოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და სკოლებში, მუნიციპალიტეტის ტურისტულ ადგილებზე.

„გამოცხადებული ტენდერის შედეგად 60 პლასტიკისა და 50 ქაღალდის კონტეინერისთვის სულ 65700 ლარი დაიხარჯება. კონტეინერები იანვრის ბოლოს უკვე შემოტანილი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო პროექტი ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების  შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

53
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (151)
თბილისის ხედი

კორონავირუსთან ბრძოლაზე დახარჯულ თანხებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

15
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების მიზანია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის დადგენა

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის, იუწყება პირველი არხი.

სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ის ასევე გეგმავს, განახორციელოს საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაფორმებული ხელშეკრულებების, ასევე პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების შემოწმებას.

აუდიტის მიზანია, შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.

რა შემოწმდება

გასული წლის ივნისში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთავრობამ შეცვალა ქვეყნის ბიუჯეტი და 1,8 მილიარდი ლარი ანტიკრიზისული ღონისძიებების განსახორციელებლად მიმართა.

ამ სახსრების დიდი ნაწილი სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა.

გარდა ამისა, 44 მილიონი ლარი საკარანტინე ზონების მომსახურების დაფარვას მოხმარდა, ხოლო 151 მილიონი ლარი - კორონავირუსით განპირობებულ ჯანდაცვის სისტემის ხარჯებზე - მათ შორის ტესტებზე, პირადი ჰიგიენის საშუალებებზე და სხვ.

კიდევ 559,2 მილიონი ლარი გამოიყო შეღავათებსა და სუბსიდიებზე ბიზნესისა და კლინიკებისთვის, მათ შორის მცირე გრანტებზე, საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე, კლინიკების სუბსიდირებაზე და ა.შ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.

15
საქალაქო ტრანსპორტი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის წინააღმდეგ აქციები გაიმართება

46
(განახლებულია 10:17 24.01.2021)
ერთ-ერთი მათგანი, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ანონსის მიხედვით, დღეს 15:00 საათზე გაიმართება, მეორე უფრო მასშტაბური აქცია - ორშაბათს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობს და მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობას განაახლებს 1 მარტის შემდეგ, და არა 1 თებერვალს, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა.

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია კვირას მთავრობის კანცელარიასთან არის დაგეგმილი. ღონისძიების ანონსში Facebook-ი სოციალურ ქსელში თითქმის 1500-მა ადამიანმა განაცხადა, რომ აქციას დაესწრება, ხოლო კიდევ 10 ათასი დაინტერესებულია.

ღონისძიების ორგანიზატორია სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჩოგოვაძე.

„ხმას არავინ იღებს და ამათი (მთავრობის - რედ.) საქციელი უკონტროლო გახდა“, - დაწერა მან ღონისძიების ანონსში.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,3 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 17,9 ათასი ადამიანი.

„რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აღნიშნულ აქციას უერთდება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კოვიდ-შეზღუდვებს მათი დაწესების დროიდან აპროტესტებს.

სოციალური ქსელების რეაქცია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გადავადებამ სოციალურ ქსელებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მომხდარს განუკითხაობა უწოდა, ზოგიერთს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ტაქსის კომპანიებთან „შეკრულია“, სხვები კი წერენ, რომ „რა საჭიროა სავაჭრო ცენტრების გახსნა, როდესაც იქამდე მისვლა არ შეგვიძლია?“

რისთვის არის საჭირო შეზღუდვები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერია.

ეპიდემიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოსახლეობის მობილობას და ადამიანებს შორის კონტაქტებს ამცირებს, რაც ინფიცირების შანს ნაკლებს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, დღეისათვის კორონავირუსთან ყველაზე ეფექტური ბრძოლის მიხედვით, ასევე შემზღუდავი ზომების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.

46