ვაქცინაცია

საქართველოში კოვიდვაქცინაცია აშშ-ისა და ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება

153
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის მარტი–აპრილში შემოვა და ის მოსახლეობისთვის უფასო იქნება

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით გახარიას დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს მასშტაბით დღეს არსებულ და პერსპექტიულ ვაქცინებზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა აიცრან.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, კერძოდ, ვაქცინებისთვის საჭირო ცივი ჯაჭვის მოთხოვნები და მახასიათებლები.

„მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია - უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინით, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში ჩართულია საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

პირველ ეტაპზე საქართველოს ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს: საქართველომ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი – 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

153
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ბაკურიანი

„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

51
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზეა, მხარს უჭერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>

მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.

„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.

არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.

საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.

 

51
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემცირების სტრატეგიაზე მუშაობს

148
(განახლებულია 18:08 18.01.2021)
როგორც გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკების დიდმა რაოდენობამ გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, საჭირო გახდება მათი რაოდენობის შემცირება.

გაბუნიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება  მცირე ზომის კლინიკებს, რომელთა სიჭარბე მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებისა და არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

„მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში. კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, აღნიშნულთან  დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს.

კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს>>

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს  არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის.  მინისტრმა ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნა ბიზნეს–ინტერესებით ახსნა.

148
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
ორბელიანის სასახლე

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

0
პანდემიის პერიოდში ქუჩის მუსიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კონცერტი მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.

0