თბილისი პიკის საათის დროს

სუფთა ჰაერი რომ ვისუნთქოთ: საქართველოში ჰაერის კონტროლის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა

91
(განახლებულია 14:20 16.12.2020)
ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ახალი სტანდარტებით ჩატარდება ქვეყნის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი გაუმჯობესდება – ამ მიმართულებით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყება, პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. 

პროექტის შედეგები ონლაინ–შეხვედრაზე შეჯამდა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მონაწილეობდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატიზებული სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ და მონაცემებს გადასცემენ ონლაინ–პორტალს www.air.gov.ge.

მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

სააგენტომ ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის პროგრამის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.

91
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (151)
დეზინფექცია საპყრობილეში

ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა

8
(განახლებულია 16:12 26.01.2021)
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. 6654 PCR-ტესტის შედეგად კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ორ დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში  ჩატარებული 4.157  PCR–ტესტიდან  დადებითი პასუხი 78 შემთხვევაში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

მინისტრის ინფორმაციით, PCR ტესტირება N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების  პატიმრებს ჩაუტარდათ.

კერძოდ,  გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2.422 ტესტიდან  დადებითი  38 აღმოჩნდა. ლორთქიფანიძის განცხადებით, კორონავისრუსისთვის დამახასიათბელი სიმპტომების მქონე პირები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი, უსიმპტომოები კი - დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებული. 

რაც შეეხება ქსნის N15 დაწესებულებას, დაწესებულებაში ჩატარებული 1735 ტესტიდან დადებითი პასუხი 40 შემთხვევაში დაფიქსირდა – ყველა ინფიცირებული უსიმპტომოა და მათი ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა.

„ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.



 

8
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ფრონტერას ყოფილი თანამშრომლები

მორიგი აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ - ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

9
(განახლებულია 16:01 26.01.2021)
კომპანიის მხრიდან იყო დაპირება, რომ პროდუქციის რეალიზებიდან შემოსული თანხით ჩვენს სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებდნენ, მაგრამ ისევ მოგვატყუეს, განაცხადეს აქციის მონაწილეებმა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ამერიკული ნავთობ-კომპანია Frontera-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აქციის მონაწილეები კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს და არ ატარებენ ნავთობის გადამზიდ სატვირთო ავტომობილებს, რომელთაც ნავთობბაზის ტერიტორიიდან კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის გატანის საშუალებას არ ეძლევათ. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - სახელფასო დავალიანების დაფარვა და კომპანიის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა. 

კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით,  „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მზად არის, ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. თუმცა, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლის არ სჯერათ.

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით,   „ფრონტერამ“ მათთან შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვია და მიუხედავად პროდუქტის რეალიზებისა, სახელფასო დავალიანება არ აანაზღაურა.

„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო. კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ განხილულა.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

9