COVID-19-მა წიგნის ბიზნესის სფეროს დაარტყა – გამომცემლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

© photo: Sputnikწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ სახელმწიფოს მხრიდან დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული, საგამომცემლო ინდუსტრია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება, აცხადებენ ღია წერილის ავტორები.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მთავრობას ღია წერილით მიმართა და შეზღუდვების პერიოდში წიგნის სექტორისთვის დახმარება და წიგნის მაღაზიების გახსნა სთხოვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესისგან შედგება, ამიტომაც პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების შემოღებას მათთვის უმოკლეს დროში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ქვეყანაში კოვიდ–შეზღუდვები არ გადაიხედება

საქართველოში წიგნის მაღაზიები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას დაიკეტა. აპრილის დასაწყისში მათ ონლაინ–რეჟიმში საცალო ვაჭრობაც აეკრძალათ, აღნიშნულია ასოციაციის წერილში.

საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ქვეყნის დიდ ქალაქებში წიგნის მაღაზიების დაკეტვა გამოიწვია.

„საგამომცემლო სექტორს დამატებითი, უაღრესად მძიმე ზიანი მიადგება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ–გაყიდვები შეზღუდვების ამ ეტაპზე დაშვებულია, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის სტაგნაციური და უსიცოცხლო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც თვეების მანძილზე არ გამოიცემოდა ახალი წიგნები, არსებული მარაგის რეალიზაცია კი საგრძნობლად გართულდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოვიდ–კრიზისით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ, მაისის ჩათვლით 10 მილიონი ლარი შეადგინა. გამომცემელთა ასოციაციის გათვლებით, ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ საგრძნობლად გაიზრდება და მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც „სექტორს უმძიმესი დანაკარგებისა და გამოწვევების წინაშე დააყენებს“.

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში მეორე კრიზისული პერიოდი მნიშვნელოვნად აფერხებს გამომცემლობებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციების ფუნქციონირებას, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ წიგნის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა და ორგანიზაციების საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„ამ სფეროს მკვეთრი სტაგნაცია პირდაპირ აისახება როგორც კულტურულ და სალიტერატურო, ისე საგანმანათლებლო სფეროზე – წიგნის გამომცემელთა დიდი ნაწილი ჩაბმულია სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში. გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციები საგანმანათლებლო სფეროში ინვესტირებას ვერ მოახერხებენ, რაც აშკარა ზეგავლენას იქონიებს სახელმძღვანელოს ხარისხსა და პროფესიონალი ავტორების მოტივაციაზე – აქტიურად ჩაერთონ ახალი თაობის განათლების უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღია წერილის ავტორები ხელისუფლებას სთხოვენ წიგნის მაღაზიების რაც შეიძლება მალე გახსნას, რამდენადაც „ამ სექტორის სტაბილური განვითარება გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე“.

შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხრაპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა.

ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს: ექვსი თვის განმავლობაში გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების სრულად გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან, სახელმწიფოს შუამდგომლობას გრძელვადიან უპროცენტო სესხზე საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებისთვის, პატარა გამომცემლობებისთვის 2000-5000 ლარის ოდენობით მცირე გრანტების დაწესებას, სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლების მხარდაჭერას და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0