პაციენტი

სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნება: რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ

84
(განახლებულია 20:58 30.11.2020)
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების და მარაგების გაზრდის ხელშეწყობაში ჩაერთვება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.

მოქმედი რეგულაციების დაცვა შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათში შეზღუდვების დარღვევის 1.244 ფაქტი გამოვლინა: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1.177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ასევე შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა 10 ათასზე მეტი ობიექტი. მათ შორის წერილობითი ან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო 6 ათასზე მეტმა ობიექტმა, დაჯარიმდა 3 ობიექტი, 4 ათასზე მეტ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა, ერთ ობიექტზე კი „იზოლაციის და კარანტინის წესის“ განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდის კუთხით არსებული ვითარება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში 8.214 საწოლის რესურსია, მათგან მობილიზებულია 7.103 და გამოყენებულია 6.138. ქვეყანაში 564 თავისუფალი საწოლია. გარდა ამისა, თავისუფალია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 430 აპარატი. დღეისათვის საქართველოში 85 კოვიდ–კლინიკაა. 

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზეც.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობისა და მარაგების შევსების პროცესში.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, კორონავირუსის აპანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა.

„დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გვქონდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნას და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ ჟანგბადის მომარაგების კუთხით პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა, თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. ორი დანადგარი უკვე საქართველოშია და რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში დამონტაჟდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ ექვს დანადგარს ველოდებით, რომლებიც თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებზე გადანაწილდება, დასძინა მინისტრმა.

ბრძოლა Covid-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>>

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 135.584 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 113.986, გარდაცვლილია 1.267 პაციენტი.

84
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ხანდაზმული ადამიანები პირბადეებით

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება

39
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა მხოლოდ 41%-მაკორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე თანხმობა განაცხადა.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, განუცხადა პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს >>

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% თანახმაა, აიცრას კორონავირუსზე, წინააღმდეგია ასევე 41%.

ცერცვაძის თვალსაზრისით, ის, რომ ვაქცინაციას გამოკითხულთა  მხოლოდ 41% ემხრობა, ძალიან მცირე რიცხვია. რადგან ქვეყანაში სამიზნედ ითვლება მოსახლეობის 60-65%.

„თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65% აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად 100%-იანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის 20 პროცენტი, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რადგან მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება,

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

რა იცავს მათ, ვინც კონტაქტის მიუხედავად COVID-19-ით არ ინფიცირდებიან: ცერცვაძის განმარტება >>

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.

39
საერთო რეჟიმის კოლონია

ქართული ციხეებიდან ამნისტიის საფუძველზე უკვე 90 პატიმარი გათავისუფლდა

31
ამნისტიის კანონის თანახმად, თითოეული გათავისუფლებული საპატიმროს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან 90 პატიმარი გათავისუფლდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კანონი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ის 1,5 ათასი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა მის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში სასამართლო თითოეული ამნისტირებულის საქმეს განიხილავს.

სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ქალია.

დღეს ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე ქსნის №15 კოლონიიდან 11 პატიმარი გათავისუფლდა.

ვის შეეხება ამნისტია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

31
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7