თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

312
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

312
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

51
(განახლებულია 21:30 15.01.2021)
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლით აცრის პროცედურა ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამისთვის COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

51
ამირან გამყრელიძე

„დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა“ მოსახლეობის 60% ვაქცინაციისთვის მზად არის

45
(განახლებულია 21:25 15.01.2021)
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ეპიდემიას ვერ მოერევა და ვირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. წინასწარი გამოკითხვებით, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 50-60% მზადყოფნას გამოთქვამს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთავრობო გეგმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

„მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ძალიან მინდა წელს მოსახლეობის 60% ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

როდის მიიღებენ ვაქცინას „ჩვეულებრივი“ ადამიანები: იმნაძის განმარტება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

45
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი

PACE უკმაყოფილოა ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებით

0
პარლამენტი - დებატებისა და პოლიტიკური ცხოვრების ადგილია და ამიტომ ასამბლეა საპარლამენტო ბოიკოტების წინააღმდეგია, ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებაში.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში და უარი თქვან ბოიკოტზე, ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არჩევნების შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან პარლამენტში შევიდა მხოლოდ 4 ადამიანი. ისინი პარლამენტში მოხვედრილ არცერთ ძალას არ წარმოადგენენ, მათ ახალი პარტია შექმნეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება რამდნეიმე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, თქვეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურსა და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა ძლიერი პოზიციები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის. პარლამენტი - დებატებისა და პოლიტიკური ცხოვრების ადგილია და ამიტომ ასამბლეა საპარლამენტო ბოიკოტების წინააღმდეგია“, - ნათქვამია მოხსენებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მართალია, არჩევნები კონკურენტული იყო, კონკურენციის პირობები არათანაბარი იყო „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვრების წაშლის გამო“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდება არჩევნების არამართლზომიერად ჩატარებაში, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, სრულად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

ანგარიშში მითითებულია, რომ მიუხედავად გასული წლის მარტში მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, პოლიტიკური კლიმატი საქართველოში პოლარიზებული და სადავოა.

0