თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან COVID-19-ის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
ამ დროისთვის ავთანდილ თალაკვაძეს კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აპლიკაცია Stop Covid–ით სარგებლობის ვადა ამოიწურა და 2021 წლის 20 იანვარს არააქტიური გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, კვლავ გააქტიურდება თუ არა აპლიკაცია და არც ისაა დაზუსტებული, რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.
მობილური აპლიკაცია Stop covid–ი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. ინოვაციური პროგრამა კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით შეიქმნა. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას აძლევდა პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, დროულად მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი უწყებისთვის, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ–ერთი პირობა იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 251 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 238 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 ათასზე პაციენტი.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.
„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.
მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.
დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.
თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.
ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.
ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.