დაკეტილი ობიექტები თბილისში

დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

581
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს - ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

 - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისს შეადგენს საახალწლო და საშობაო დღესასწაულები წინა დღეები - 31 დეკემბერი და 6 იანვარი;

მგზავრთა რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით *გარდა სამსახურებრივი გადაყვანის). მსუბუქი ავტომობილებით (ტაქსებით) გადაადგილება არ იზღუდება;

 - რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე. დასაშვებია:

  • პროდუქტის გატანა - ე.წ. takeaway
  • მიტანის სერვისი - ე.წ. „დელივერი“
  • ავტომობილით გატანა - ე.წ. „დრაივი“

 - ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით;

- კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 - დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში - დამატებით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

- მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;

- ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; პრესის ჯიხურებს.

- ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება.

- სამთო-სათხილამურო სასტუმროები კოვიდ-სასტუმროებად გადაკეთდა;

- რესტორნები/ბარები/კაფეები/სატრენაჟორო დარბაზები/აუზები სასტუმროებში იმუშავებს მხოლოდ ამ სასტუმროების კლიენტებისთვის;

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები იხსნება, კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. აღდგება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ხოლო 3 იანვრიდან 15 იანვრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმეები და კვლავ ძალაში შედის ყველა მოქმედი შეზღუდვები.

ქვეყანაში აქამდეც მოქმედებდა შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ, დაიხურა საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის საათებში სახლიდან გასვლა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 120 ათასს აჭარბებს, 1100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

581
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ტრაილერების რიგი ლარსზე

ყაზბეგიდან დამსვენებლების ევაკუაცია გრძელდება

16
(განახლებულია 21:55 18.01.2021)
ყაზბეგიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მიზნით გამონაკლისის წესით საქართველოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ჩართეს, რომელსაც მგზავრების კობიდან გუდაურში გადაყვანა შეუძლია

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ყაზბეგის რაიონში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.

უამინდობის გამო გადაკეტილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე სატვირთო და მსუბუქი მანქანების გრძელი რიგებია.

ყაზბეგიდან მოქალაქეთა, ძირითადად, დამსვენებელთა ევაკუაციისთვის გამონაკლისის სახით ჩართეს საქართველოს ყველაზე გრძელი საბაგირო, რომელსაც მგზავრების კობიდან გუდაურში გადაყვანა შეუძლია. კორონავირუსის პანდემიის გამო ეს საბაგირო გასული წლიდან არ მუშაობს.

„ჩვენ ყაზბეგში ვიყავით, საკმაოდ კარგად დავისვენეთ, მაგრამ ჩავრჩით. მგონი გზა 10 დღეა ჩაკეტილია. საბაგირო დღეს ამუშავდა, არ იყო ქარი და გამოსვლა შევძელით“, - აღნიშნა ყაზბეგში ერთ-ერთმა დამსვენებელმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რაც შეეხება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ჩარჩენილი სატვირთო მანქანების მძღოლებს, ისინი ამბობენ, რომ საკვების მარაგი ეწურებათ, მაღაზიებში პროდუქცია მეტისმეტად გაძვირებულია, ხოლო საქონელი, რომელიც გადააქვთ, ფუჭდება. შესაბამისად, შესაძლოა სერიოზულად იზარალონ.

16
ბაკურიანი

„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

54
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზეა, მხარს უჭერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>

მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.

„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.

არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.

საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.

 

54