პური

ლევან დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება

95
(განახლებულია 19:47 27.11.2020)
სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება და არც ფქვილისა და ხორბლის მოწოდებაზე გვექნება შეფერხებები, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მინისტრის განმარტებით, შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, პირველ რიგში კი პურზე ფასები არ გაიზარდოს. 

„იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსის პანდემია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება განახორციელოს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ პურის გაძვირება და შევინარჩუნოთ არსებული ღირებულება. პროგრამა, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება, მარტის ბოლომდე იმოქმედებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ და „პურის მრეწველთა კავშირმა“ მთავრობას განცხადებით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა სახელმწიფომ კვლავ აამოქმედოს ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ.

მათი განმარტებით, თუ საქართველოს ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი ღონისძიებები არ განხორციელდება, 50 კგ-იანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი დაახლოებით ათი ლარით გაიზრდება, რაც მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე აისახება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ, 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება და აღნიშნული მექანიზმი პურზე ფასის დასტაბილურებას უზრუნველყოფს, დასძინა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ამჟამად მსხვილი წისქვილებისთვის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის დადგენილი ფასი 53 ლარია.

საქართველო წლის განმავლობაში 500–700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. 

საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე გამოიყენა სუბსიდირების გზით პურზე ფასის ზრდის შეკავების მეთოდი. მიმდინარე წლის აპრილში მთავრობამ ფქვილსა და ხორბალზე ფასების შესანარჩუნებლად 5,2 მლნ ლარი დახარჯა.

პროგრამის თანახმად, იმპორტიორი, რომელსაც საქართველოში 2-დან 4 ათას ტონამდე ხორბალი შემოაქვს, სახელმწიფოსგან ერთ ტონაზე 40 დოლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებს. ამასთან, იმპორტიორმა, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში 50 კგ-იანი ტომარა ფქვილი 51 ლარზე მეტ ფასში არ უნდა გაყიდოს.

95
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)
შეჩერდეს COVID-19

მობილური აპლიკაცია Stop Covid გაუქმდა

15
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე გახადა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისთვის ხელმისაწვდომი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აპლიკაცია Stop Covid–ით სარგებლობის ვადა ამოიწურა და 2021 წლის 20 იანვარს არააქტიური გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, კვლავ გააქტიურდება თუ არა აპლიკაცია და არც ისაა დაზუსტებული, რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.  

მობილური აპლიკაცია Stop covid–ი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. ინოვაციური პროგრამა  კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით შეიქმნა. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას აძლევდა პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, დროულად მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი უწყებისთვის, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ–ერთი პირობა იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 251 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 238 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 ათასზე პაციენტი.

15
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ნიშანი პარკირებაზე

„ჩვენც გვაქვს გული“: გამტაცებლებმა ავადმყოფ ქალს მანქანა დაუბრუნეს

91
(განახლებულია 19:54 22.01.2021)
პოლიციამ მანქანაში ქურდების მიერ დატოვებული წერილი აღმოაჩინა, რომლითაც ისინი ბოდიშს უხდიდნენ დაზარალებულს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.  

მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.

  • „ჩვენც გვაქვს გული. გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით“, — წერდნენ ისინი.

დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.

91
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი კორონავირუსზე აიცრა: ქვეყნდება ფოტო

0
(განახლებულია 22:35 22.01.2021)
კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელი არ აკონკრეტებს, რომელი პრეპარატით ჩაიტარა ვაქცინაცია

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი კორონავირუსზე აიცრა.

ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა და ფოტოც დაურთო.

​„იმის ერთ–ერთი უპირატესობამ რომ 65 წლის ხარ, ისაა, რომ მაქვს COVID-19–ის წინააღმდეგ ვაქცინაციის უფლება. ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ყველა მეცნიერს, გამოცდების მონაწილეებს, მარეგულირებელ უწყებებსა და წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსებს, რომლებმაც ამ მომენტამდე მიგვიყვანეს“, — წერს გეიტსი.

ამასთან მილიარდერი არ აკონკრეტებს, რომელი ვაქცინით აიცრა.

0