მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის გეგმა ადეკვატურია - უცხოეთში მოღვაწე ჯანდაცვის ექსპერტები

98
დისკუსიას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს შეზღუდვების ფორმების შესახებ საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა მორიგი შეხვედრა კერძო სექტორის და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან, რომელზეც კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელეს.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.

დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადეკვატურად პასუხობს.

მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1085 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

 

98
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ხანდაზმული ადამიანები პირბადეებით

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება

46
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა მხოლოდ 41%-მაკორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე თანხმობა განაცხადა.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, განუცხადა პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს >>

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% თანახმაა, აიცრას კორონავირუსზე, წინააღმდეგია ასევე 41%.

ცერცვაძის თვალსაზრისით, ის, რომ ვაქცინაციას გამოკითხულთა  მხოლოდ 41% ემხრობა, ძალიან მცირე რიცხვია. რადგან ქვეყანაში სამიზნედ ითვლება მოსახლეობის 60-65%.

„თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65% აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად 100%-იანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის 20 პროცენტი, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რადგან მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება,

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

რა იცავს მათ, ვინც კონტაქტის მიუხედავად COVID-19-ით არ ინფიცირდებიან: ცერცვაძის განმარტება >>

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.

46
საერთო რეჟიმის კოლონია

ქართული ციხეებიდან ამნისტიის საფუძველზე უკვე 90 პატიმარი გათავისუფლდა

32
ამნისტიის კანონის თანახმად, თითოეული გათავისუფლებული საპატიმროს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან 90 პატიმარი გათავისუფლდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კანონი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ის 1,5 ათასი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა მის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში სასამართლო თითოეული ამნისტირებულის საქმეს განიხილავს.

სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ქალია.

დღეს ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე ქსნის №15 კოლონიიდან 11 პატიმარი გათავისუფლდა.

ვის შეეხება ამნისტია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

32
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7