ფემინისტების აქცია

„ქალთა მოძრაობა“ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს

65
(განახლებულია 19:19 25.11.2020)
საინიციატივო ჯგუფი „ქალთა მოძრაობა“ პარლამენტს ღია წერილით მიმართავს კანონმდებლობაში გაუპატიურების დეფინიციის შეცვლის მოთხოვნით და აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საინიციატივო ჯგუფი „ქალთა მოძრაობა“ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს, ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა.

ამის მიზეზად „ქალთა მოძრაობა“ ასახელებს ამ მიმართულებით პრობლემურ კანონმდებლობას და პრაქტიკას, რომელიც თანხვედრაში არ მოდის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

„ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით.

„სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით. CEDAW-ს კომიტეტის (ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტი) თანახმად, უნდა გადაისინჯოს მტკიცებულებების შესახებ არსებული სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი გაუპატიურებას გულისხმობს. „გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებას“.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

 

65
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (52)
თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

4
(განახლებულია 15:54 25.01.2021)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ სპორტულ სამყაროს.

 

თბილისი, 25 იანვარი  – Sputnik.  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხიერელი 75 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. 

სხიერელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორიცაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი,  მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ა.შ.

2018 წელს  ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში სხიერელის მონუმენტი გაიხსნა. როგორც მაშინ ხინჩეგაშვილმა განაცხადა:

 „ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა. მას პატივს სცემენ საქართველოში, მან გორში თავისუფალ ჭიდაობას ჩაუყარა საფუძველი. მანამდე გორში მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა, თავისუფალი ჭიდაობა კი კარგად არ იცოდნენ. ახლა ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვართ სპორტის ამ სახეობაში. გორელები უცვლელი წევრები არიან ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხინჩეგაშვილმა Facebook–გვერდზე დაწერა:

 „შენ გული გაგვიტეხე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები! მშვიდად განისვენე, ლეგენდა! მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ყოველთვის იქნებით“.

4
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვამ თურქეთისგან საინჟინრო მოწყობილობები მიიღო

9
(განახლებულია 16:31 25.01.2021)
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. 

საქართველომ, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს>>

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

9
თემები:
საქართველოს თავდაცვა