აკაკი ზოიძე

ზოიძე: აუცილებელია ხელისუფლებამ პრევენციული ზომები სამი მიმართულებით გაატაროს

74
(განახლებულია 18:28 25.11.2020)
ჯანდაცვის სფეროში ექსპერტი ხელისუფლებას ურჩევს, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად უმოკლეს ვადაში გაატაროს ქმედითი ღონისძიებები.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ინფექციის გავრცელების ტემპს თუ არ შევანელეთ, მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება გველოდება – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებას ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია.

ზოიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეს მოქმედი შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი კლინიკა ჩაერთოს ინფიცირებულთა მართვის პროცესში, სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს, რადგანაც, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი არ იქნება საკმარისი.

ზოიძე ხელისუფლებას ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად ერთდროულად ზომების სამი მიმართულებით გატარებისკენ მოუწოდებს.

„საჭიროა უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულება და მისი გაკონტროლება; ტესტირების შემდგომი გაფართოება და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულად მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვა, რათა დროულად მოხდეს ინფიცირებულთა თვითიზოლაცია ან კოვიდ–სასტუმროში გადაყვანა. და, ბოლოს – ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც“, – დაწერა ზოიძე საკუთარი Facebook-გვერდზე. 

მისი განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გაატაროს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი  ეფექტისა და ამავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ექსპერტის ვარაუდით, აღნიშნული ზომების გატარების შემთხვევაში ქვეყანაში ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 20-24 დღეში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო წერტილოვანი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

74
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დავით წერედიანის თარგმანები საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება

2
(განახლებულია 11:34 27.01.2021)
წერედიანი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურის თარგმნას მიუძღვნა ცხოვრების დიდი ნაწილი, 2019 წელს გარდაიცვალა

 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი  გარდაცვალების შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

ზურაბიშვილმა პრემია დავით წერედიანის ოჯახს  ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის - პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

 „ვაჟა ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის შესანიშნავი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება. ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ „გავიტანოთ“ ჩვენი კულტურა და „შემოვიტანოთ“ სხვა ქვეყნების კულტურა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის. ცერემონიას  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

83 წლის ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 2019 წელს   გარდაიცვალა. წერედიანი მრავალი წელი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან აქტიურად დაიწყო თარგმანებზე მუშაობა.
მის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების ნაწარმოებები: ბოდლერის ნაწარმოებები, ძმები გრიმების ზღაპრები, გოეთეს „ფაუსტი“. სულ ახლახან მან ბრწყინვალედ თარგმნა ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“. არის ლიტერატურული ესეებისა და რამდენიმე კრებულის ავტორი, ასევე ლიტერატურული პრემია „საბას“ (2012) ლაურეატი.

2014 წელს წერედიანს პრემია „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის.



2
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

22
(განახლებულია 11:22 27.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 742 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 340 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 89, კახეთი - 75, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, შიდა ქართლი - 49, აჭარა - 33, ქვემო ქართლი - 31, გურია - 21, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.081 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 245.527-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.108-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.903 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.842 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.395, იმერეთში - 564, აჭარაში - 214.

670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი. აქედან თბილისში - 134, იმერეთში - 20, აჭარაში- 1.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 347 ადამიანი. მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში, ხოლო 3.714 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 17.915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.231 პირი, იმერეთში - 1.689, აჭარაში - 887.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

22
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები