ვალერი მელაძე

„დამრთეთ კოვიდ-ინფიცირებულებთან შესვლის ნება“ ვალერი მელაძე განცხადებას ავრცელებს

1301
(განახლებულია 20:44 18.11.2020)
ცნობილი მუსიკოსი ვალერი მელაძე სოციალურ ქსელში უცნაურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთში მოღვაწე მედიკოსებს მიმართავს.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე ხმაურიანი სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ექიმებს სთხოვს, მისცენ საშუალება, კოვიდ-ინფიცირებულების მოვლაში დაეხმაროს.

„დამრთეთ წითელ ზონაში შესვლის უფლება, სადაც კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. მინდა პირადად დაგეხმაროთ მათზე მზრუნველობაში. მინდა დახმარება გავუწიო როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს, თუნდაც მორალურად. ამას არ ვაკეთებ პიარ-კამპანიისთვის, ამიტომაც ვთიშავ კომენტარებს. მინდა როგორც შევძლებ, ისე დაგეხმაროთ”, – ამბობს ვალერი მელაძე.

საქმე ისაა, რომ ვალერი მელაძემ რამდენიმე დღის წინ კოლეგებს მოუწოდა, უარი თქვან საახალწლო პროექტებში მონაწილეობაზე, რადგან არტისტები უკვე რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. მის ამ მოწოდებას ხმაური მოჰყვა და მან ბევრი კრიტიკული გამოხმაურება მიიღო, რის გამოც მას განმარტებების მიცემა დასჭირდა.

1301
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2390)
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

38
(განახლებულია 21:38 30.11.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანს ინფექცია PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ასევე მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

მინისტრთა კაბინეტში კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

38
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა

35
(განახლებულია 22:23 30.11.2020)
გიორგი გახარიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით მზარდი ინფიცირების გამო აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ შეიქმნას, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ COVID-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს COVID-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომელთა მობილიზებაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20 305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 383 პაციენტი, 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

35
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: „ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას“

0
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან იქ ეპიდაფეთქების საფრთხე არსებობდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსით მოსახლეობის დღიური ინფიცირების მაჩვენებელი თუნდაც თბილისში აჭარბებს 1000 ადამიანს, წარმოუდგენელია, რომ ზამთრის კურორტებზე არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსტავი 2“-ის ეთერში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას. ზამთარში ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს, გუდაურს. ეს არის არა უბრალოდ ოჯახები, ვინც გადის დასასვენებლად, არამედ მოთხილამურეები თავის ოჯახებთან ერთად დამატებითი კონტინგენტია და აქედან გამომდინარე, არანაირი გარანტია, რომ იქ არ გავრცელდება ვირუსი, არ არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ბევრი მაგალითი არსებობს ევროპული ქვეყნების, სადაც ინფიცირების ახალი ტალღა პერიოდულად სწორედ ზამთრის კურორტებიდან მოდიოდა, ამიტომაც ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოს ზამთრის კურორტებზეც არსებობს.

მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო დახმარება  გაეწია.

„ახლა, ბოლო პაკეტი რაც არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარების, ეს არის ის, რომ 4 თვის ქონების გადასახადი, რომელიც გადავუვადეთ 2020 წელს ჩამოეწერათ, მთელი 2021 წელი ეპატიათ უკვე წინასწარ ქონების გადასახადი, გარდა ამისა, მოქმედებს ჩვენი პროგრამა, რომელიც 12 თვის განმავლობაში ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ახლა გავაფართოვეთ პროგრამა და რესტორნებიც ჩავრთეთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ჩანაცვლება სრულფასოვანი სეზონის, მაგრამ სრულფასოვანი ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა და ეს ძალიან კარგად ესმით თავადაც სასტუმროებსაც. თუმცა, მისი თქმით, სასტუმროების მეპატრონეებთან დიალოგის რეჟიმი გაგრძელდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში