თენგიზ ცერცვაძე

სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის

156
(განახლებულია 21:20 17.11.2020)
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს მხნეობას და პანდემიასთან ბრძოლის ველზე მალე დაბრუნებას უსურვებს.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რის გამოც იგი სახლში გადის მკურნალობის კურსს.

„მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო მას! მინდა პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონავირუსთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის! მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც, მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიხდით და თქვენთვის ლოცულობს! მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“ – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–პაციენტების მიღება პირველმა დაიწყო.

156
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (152)
ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი“

რატომ დალუქეს ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი“: შსს–ს განმარტება

14
(განახლებულია 13:58 30.11.2020)
„რეფორმერის“ ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მაგრამ ფიტნეს-დარბაზმა ფუნქციონირება განაგრძო

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა შპს „ონლაინ მეჯიქში“  (ე.წ. რეფორმერი ფიტნესი) საგამოძიებო მოქმედებები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელეს,  რის შედეგადაც  აღნიშნული ფიტნეს–კლუბი დალუქეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 28 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება. „რეფორმერი“ არ დაემორჩილა ამ შეზღუდვას და ფუნქციონირება განაგრძო, ამის გამო ფიტნეს-ცენტრის ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ  28 ნოემბერს 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, კლუბის მფლობელი გააფრთხილეს, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, თუმცა, ფიტნეს–კლუბი გუშინ ისევ გაიხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

„29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს „ონლაინ მეჯიქის"-ის ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბის მხარდაჭერა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა. იგი 29 ნოემბერს ბათუმში ჩავიდა, „რეფორმერის“ მფლობელთან ზეპირი შეთანხმება დადო და ფიტნეს-ცენტრი საცხოვრებელ ფართად იქირავა. ჯაფარიძის თქმით, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურდათ, შეუძლიათ, მასთან სტუმრად მივიდნენ და ივარჯიშონ. 

პოლიტიკოსის განმარტებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად მას შემდეგ იქირავა, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ფიტნეს–ცენტრის ტერიტორია იქ მყოფ პირებს დაატოვებინეს, დარბაზი დალუქეს და ინვენტარის აღწერა დაიწყეს.

დღეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებული არიან პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ფიტნეს–ცენტრ „რეფორმერის“ ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.

14
საპროტესტო აქცია ბათუმში

კარვები, ჯიხურები, პროტესტი: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

13
(განახლებულია 13:13 30.11.2020)
დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აქტივისტი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი შენობაში შესვლას შეეცადნენ

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება დაიძაბა – საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და შენობაში შეჭრას ცდილობენ, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური ორშაბათს დილიდან იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მომხრეები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აქტივისტმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონმა შენობაში შესვლა სცადეს. ამას პოლიციამ შეუშალა ხელი. აქტივისტების განცხადებით, მათ აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან ციხისძირის მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად სურდათ შეხვედრა.

„აქ ციხისძირის მოსახლეობა შეიკრიბა. ქობულეთის საკრებულოს წევრს ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან. უნდა გაეგო, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში“, – განუცხადა ბაგრატიონმა ჟურნალისტებს.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

„ნაცმოძრაობის“ წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, უწყვეტი აქცია გრძელდება. მოქალაქეებს მთავრობის შენობაში უნდოდათ შესვლა და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ადგილზე იმყოფება ელგუჯა ბაგრატიონი, უმაღლესი საბჭოს წევრი, მაგრამ არც მას უშვებენ შენობაში, აღნიშნა მან.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები კიდევ რამდენიმე ჯიხურის მიტანას და ქუჩის ვაჭრობის მოწყობას აპირებენ, ასევე მოსახლეობას მისვლისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის ლიდერებმა კვირას ასევე განაცხადეს „სახალხო მერიის“ შექმნის შესახებ, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

13
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ჰეროინი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი „ჰეროინით“ დააკავეს

0
(განახლებულია 13:33 30.11.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8–დან 20წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჰეროინის“ შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

0
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში