ვახო სანაია

„იქნებ არავინ შემხვდეს და მომიახლოვდეს“ ვახო სანაია სტუდენტის სტატუსს აქვეყნებს

419
(განახლებულია 18:30 16.11.2020)
ცნობილი ჟურნალისტი მისი ერთ-ერთი სტუდენტის სტატუსს აქვეყნებს. ნახეთ რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას და რატომ ეშინია სამსახურში მისვლის.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში თავისი ერთ-ერთი სტუდენტის „ფეისბუქ-პოსტი“ გაიზიარა, სადაც ნანო ჩაკვეტაძე წერს, რომ გუშინ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, დღეს კი ოჯახის ექიმმა უთხრა, რომ 112-დან მიღებული შეტყობინებით კოვიდ-დადებითია.

გოგონა წერს, რომ რადგან გასულ დღეებში სიცხე და ხველა ჰქონდა, პარასკევს კოვიდზე ტესტი გაიკეთა, გუშინ უარყოფითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც გახარებულმა ყველას ახარა ეს ამბავი, დღეს კი სამსახურისკენ მიმავალს გზაში ოჯახის ექიმმა დაურეკა და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს.

„ახლა ვზივარ სამსახურის ეზოში, ეულად, გაუჩერებლად ვრეკავ 112-ზე, რომელიც, ცხადია, არ მპასუხობს, იქნებ გავარკვიო, რა ხდება ჩემს თავს, თან იქნებ არავინ შემხვდეს და მომიახლოვდეს. ცოტა მეშინია. როდემდე?!“ – წერს ნანო ჩაკვეტაძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.157-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 82.835-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.785 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.658 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.652, იმერეთში – 1.143, აჭარაში – 930.

419
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2382)
ქართული ტელეარხების მიკროფონები

„როდესაც სკანდალი არ არსებობს, მას იგონებენ“ - ფეიკ-ნიუსები ქართულ მედიაში

2
(განახლებულია 14:33 28.11.2020)
ქართველი და რუსი მედიაექსპერტების თვალსაზრისით, ფეიკ-ნიუსების მოცულობა მთელს მსოფლიოში ყველა ზღვარს სცილდება, და ამასთან ბრძოლაა საჭირო

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ქართული მედია პოლიტიკურად პოლარიზებულია, რაც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა, განაცხადა ჟურნალისტმა, საერთაშორისო მიმომხილველმა დავით ახვლედიანმა.

პარასკევს გაიმართა ქართველი და რუსი ჟურნალისტებისა და მედიის ექსპერტების ონლაინ შეხვედრა თემაზე: „ახალი მედიების ზრდა საქართველოში. საჯარო პოლიტიკური სფეროს ტრანსფორმაცია". ღონისძიების ორგანიზატორია პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი გორჩაკოვის ფონდის დახმარებით.

მონაწილეებმა გაანალიზეს საქართველოში ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა და მის გავრცელებასთან წინააღმდეგ გზები პოვნას შეეცადნენ.

„ამ ეტაპზე საქართველოში მედიები სტაგნაციაში იმყოფებიან. ეს ეხება როგორც სატელევიზიო არხებს, ისე ელექტრონული და ბეჭდური მედიის დიდ ნაწილს. ეს მთელი სიცხადით გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ცნობილია, რომ საქართველოში მედიაც ისევე პოლარიზებულია, როგორც პოლიტიკური ველი. ფაქტობრივად, იგი დაყოფილია და ფიგურალურად რომ ვთქვათ, შეღებილია წითლად და ლურჯად. სხვათა შორის, ეს ეკრანებზე შეიმჩნევა. სააკაშვილის მხარდამჭერი არხების ფონი წითელია, სახელისუფლებლო არხების - ცისფერი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ასეთი ტელეარხები იყენებენ მაუწყებლობის ვულგარულ მეთოდებს: ტექსტის მოდერაციას, ფაქტების დამახინჯებას, თავხედურ და უხეშ პროპაგანდას და ნეიროლინგვისტიკის ელემენტებსაც კი.

მედია ექსპერტი გეორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ბოლო პერიოდში საქართველოში მწვავედ დგას ფეიკნიუსების პრობლემა და მედიასაშუალებები პიარისა და რეიტინგის გულისთვის ყველაფერზე მიდიან.

„ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება ითქვას ქართული სატელევიზიო არხების ბაზარზე არსებულ სიახლეზე, არის ფეიკნიუსები, რომლებმაც უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბეს. არა მგონია, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არსებობს ტელეარხები, რომლებიც იმდენ ფეიკნიუსს ქმნიან, როგორც საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთ არხებს ვერაფერს ვერ უხერხებენ, არ არსებობს კანონები, რომლებიც აღკვეთდნენ ამ ცილისწამებას და გამოგონილ ინფორმაციას ", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ტელეარხებს ძალიან აინტერესებთ სკანდალური ინფორმაციის მოძიება, მაგრამ სკანდალები არ ხდება ყოველდღე ან თუნდაც ყოველ თვე. ქართული ტელეარხები თავად იგონებენ ფაქტებს, აკეთებენ სიუჟეტებს მათ შესახებ და მოჰყავთ საკუთარი ექსპერტები, აცხადებს ექსპერტი.

„ბოლო წლებში სატელევიზიო არხები პოლიტიკური პარტიის პრესსამსახურის დანამატებად იქცნენ. ახლა ჩვენთან დგას საკითხი კანონის მიღებაზე, რომელიც როგორმე გააკონტროლებს ამ სიტუაციას. მაგრამ მონეტას მეორე მხარე აქვს - ოპოზიცია და ტელეარხები ალაპარაკდებიან, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ირღვევა და ა.შ. ”, - აღნიშნა მან.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ტიმურ შაფირი ირწმუნება, რომ ის, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება, სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებსაც ეხება.

„რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ჩვენს ქართველ კოლეგებს, ყველა ის პროცესი, რომელიც მათ მედიასა და ჟურნალისტურ საზოგადოებაში მიმდინარეობს და მომავალშიც მოხდება, ერთნაირია ყველა ქვეყნისთვის”, - განაცხადა შაფირმა.

მისივე თქმით, კარს მოგვადგა „ახალი მედიები", რასაც მოწმობს ისეთი პლატფორმების გაჩენა, როგორიცაა TikTok. მსგავსი პროექტები მომავალშიც გამოჩნდება და ჟურნალისტები უკვე ახლავე უნდა მოემზადონ თანაცხოვრებისთვის ამ ახალ ტექნოლოგიებთან.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ხვალ რამდენი ფეიკნიუსი დაგვატყდება. მათი რიცხვი უკვე დღეს აჭარბებს ყველა გონივრულ ზღვარს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და შეერთებულ შტატებში", - განაცხადა შაფირმა.

ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად ექსპერტები თვით საზოგადოების ანალიტიკური აზროვნების დონის გაზრდას განიხილავენ.

2
ჯანდაცვის სამინისტრო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი გადადგა

28
(განახლებულია 14:04 28.11.2020)
ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სავარაუდო მიზეზი სახელდება.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია.  

არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან  COVID-19-ის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.

ამ დროისთვის ავთანდილ თალაკვაძეს კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.

28