ვაქცინა

საქართველო COVID-19-ის ვაქცინის მოლოდინშია

88
(განახლებულია 17:02 16.11.2020)
საქართველოს COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს. პირველ რიგში რისკ–ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მოხდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ბერძულმა. 

ბერძულის განმარტებით, უკვე მომავალი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინა მიიღებს გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენების ნებართვას.

„თუ ერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% იქნება, ხოლო სხვა ადგილზე ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი, ან მოიცავს ძალიან დაბალ – 5-10%-ს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ თავისუფლად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკის გახსნას და ა.შ.“ – აღნიშნა ნინო ბერძულმა.

ვაქცინის გადანაწილებისას თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი კოვიდ-პანდემიისას გადამწყვეტია, დაამატა ბერძულმა. საწყის ეტაპზე ვაქცინის მოცულობა ლიმიტირებული იქნება, ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები – თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა პირველ რიგში.

„ჯანმოს ევროპის ოფისში ვმუშაობთ დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახავს სწორედ ევროპის რეგიონის სპეციფიკას და ვაქცინაციის ფაზებად დაყოფს: რა რაოდენობის ადამიანის აცრა უნდა მოხდეს, რა ასაკობრივ ჯგუფებში. გათვალისწინებული იქნება დემოგრაფიული მაჩვენებლები“, – განაცხადა ბერძულმა.

მისი განმარტებით, საქართველოსთნ მიმართებით, სავარაუდოდ, საუბარი მიდის 20%-იან დაფარვაზე.

„ამ მაჩვენებელს თუ მივაღწიეთ პირველი ორი წლის განმავლობაში, ეს იქნება ძალიან კარგი. როდესაც ქვეყანაში მოხდება 20%-იანი დაფარვა, შემდეგ უკვე გაფართოვდება ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა ბერძულმა. 

ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს.

COVAX–პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა“ შექმნა, 170-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ამჟამად ცხრა „კანდიდატი ვაქცინა“ მუშავდება, კიდევ ცხრა პოტენციური ვაქცინა შეფასებას გადის. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთან, რომელთა კვლევებიც ამ დროისთვის COVAX-სგან არ ფინანსდება.

ვაქცინის პარტიის ფასი, რომლის მიღებასაც საქართველო ელოდება, 17 მლნ დოლარია. აქედან COVAX-ში უკვე გადარიცხულია 4 მლნ დოლარი. აღნიშნულ პლატფორმასთან საქართველო ორი ათეული წელია თანამშრომლობს.

ვაქცინამ აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადებითი შეფასება უნდა მიიღოს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოში ვაქცინაცია პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს ჩაუტარდებათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 82 835 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65 291, გარდაიცვალა 733 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

88
თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზიის“ ვებგვერდზე ხმის მიცემა 27 ნოემბრიდან იწყება

9
(განახლებულია 08:06 27.11.2020)
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone.

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა სტარტს პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებგვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა შოუს დაწყების წინ, 29 ნოემბერს შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

შოუს წესებით, მაყურებლისა და პროფესიონალების ხმები განაწილდება 50/50–ზე. მაგალითად, ჟიურის წევრები საკუთარ შეფასებებს 28 ნოემბერს, კონკურსანტების გამოსვლების ნახვის შემდეგ გამოაცხადებენ. როგორც მოსალოდნელია, ამავე დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც ყველა კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იგი კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია –2020“–ის ფინალი პოლონეთში 29 ნოემბერს ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ. 

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებს შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე  კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე იხილავს.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

9
თმის შეჭრა

გამყრელიძე: რატომ არ იკეტება სილამაზის სალონები

196
სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებში ზედმიწევნით ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ მიიღო კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება, არ დაკეტოს სილამაზის სალონები.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა >>

გამყრელიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში უსაფრთხოების ზომებს კარგად იცავენ.

„არის მეორე რისკი, რომ დაკეტო სილამაზის სალონი და შეზღუდო, ეს ბიზნესი ინაცვლებს ჩრდილში, ადამიანები სახლებში დადიან და შესაძლებელია უფრო მეტი იყო გავრცელების რისკი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ხუთშაბათს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა, რომლის თანახმად ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.

28 ნოემბრიდან საქართველოს რვა დიდ ქალაქში მუშაობას აჩერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება სპორტკლუბები და აუზები, რესტორნები მხოლოდ გარეთ გატანის მომსახურებაზე გადავლენ, დაიკეტება ღია და დახურული ტიპის ყველა სავაჭრო წერტილები, გარდა პირველადი საჭიროების საქონლის სარეალიზაციო წერტილების.

აიკრძალება გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუმცა კერძო ავტომობილით გადაადგილება დაშვებულია.

 

 

196
თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)
ფიტნეს-დარბაზი

პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობის აუცილებელი მინიმუმი: ჯანმომ რეკომენდაციები შეცვალა

0
(განახლებულია 00:09 27.11.2020)
როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, მსოფლიოს მოსახლეობა უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, ყოველწლიურად პლანეტაზე 5 მილიონი სიკვდილით ნაკლები დაფიქსირდებოდა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ფიზიკური აქტივობის ნორმების მიხედვით რეკომენდაციები შეცვალა, იუწყება РИА Новости.

ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სულ მცირე 150-300 წუთით საშუალო ინტენსივობის აქტიურობა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი დღეში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები 60 წუთის განმავლობაში.

ხანდაზმულ ადამიანებს (65 და მეტი წლის ასაკის) ეძლევა რეკომენდაცია გამოიყენონ აქტივობების ისეთი ტიპები, რომლებიც ხელს უწყობენ წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე კუნთების გამაგრებას.

„რეგულარულ ფიზიკური აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკისთვის და გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებათა, მეორე ტიპის დიაბეტის და კიბოს მკურნალობის ხელშეწყობისას, ასევე დეპრესიის და შფოთვის სიმპტომების შემცირების, კოგნიტიური უნარების დაქვეითების შენელების, მეხსიერების გაუმჯობესების და ტვინის ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის“, - აღნიშნავს ჯანმო.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია - ეს ცხოვრების გახანგრძლივებას და ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ყველა მოძრაობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში ვცხოვრობთ. ყველამ ყოველდღე უნდა ვიმოძრაოთ, უსაფრთხოდ და შემოქმედებითად“, - ციტირებს მის სიტყვებს ჯანმო.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა და შეიძლება შესრულდეს როგორც სამუშაოს, სპორტისა და დასვენებისა ან გადაადგილების (სიარული, ველოსიპედით გადაადგილება) ნაწილი, ისე ცეკვების, თამაშების ან ყოველდღიური საშინაო საქმეების დროს, მაგალითად მუშაობა ბაღში და დალაგება.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში