იმნაძე: ეკლესიას მივეცით რეკომენდაცია და დაიცვა, ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც

© photo: Sociumactual / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა იმნაძემ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, რეკომენდაციების, წესების სრული დაცვით უზრუნველყონ აქციის მონაწილეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. არჩევნების პროცესთან დაკავშირებით გახშირებულ საპროტესტო აქციებსა და შეკრებებზე უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა ორგანიზატორებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტის თქმით, რაც უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.

„გეუბნებით, 125 ადამიანიდან საქართველოში, ვინც ავად გახდება, ყოველი 125-ე დაიღუპება... ბინაზეც დაიღუპებიან ადამიანები, როდესაც ათიათასობით ადამიანი ავად გახდება. ამიტომ არ გვინდა, რომ ათი ათასობით ადამიანი ერთდროულად იყოს ავად", – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, აქციის მსვლელობისას უზრუნველყონ რეკომენდაციების პირნათლად დაცვა – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია.

კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია
„ჩემი საქმე არის რეკომენდაციის მიცემა ყველასთვის. ეკლესიას რომ ვაძლევდი რეკომენდაციას, ეკლესიამ დაიცვა და ძალიან კარგად მოიქცა. ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც, ჩემთვის სულ ერთია სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია წესები დაიცვან. დანარჩენი დამოკიდებულია, ვინც ატარებს და ვინც არის ორგანიზატორი, იმათ უნდა უზრუნველყონ წესების დაცვა“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ–სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადაიხედება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 51993-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0