სალომე ზურაბიშვილი

მივლინებები, ხელფასები და ავტოსერვისი: რამდენს ხარჯავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

59
(განახლებულია 20:00 06.11.2020)
არასამთავრობო ორგანიზაციამ დაითვალა, რომ სალომე ზურაბიშვილის შენახვა ქვეყანას ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ დეტალურად შეისწავლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. 2020 წლის აპრილი–სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა ბიუჯეტიდან შიდა მივლინებებში 21 364 ლარი დახარჯა, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო ვიზიტებზე 236 312 ლარი დაიხარჯა. 

„2019 წლის მეორე კვარტლის ხარჯების ნაცვლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სულ სხვა დოკუმენტი და, დარჩენილი სამი კვარტლის მონაცემებით, პრეზიდენტის ვიზიტებზე 1,35 მლნ დოლარია დახარჯული“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მივლინებების გარდა, ადმინისტრაციის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომომსახურებაზე გადანაწილდა. გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მიზნით 173 848 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 125 407 ლარია, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 58 441 ლარი დაიხარჯა.

2019 წლის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 39 ავტომობილი იყო აღრიცხული, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შვიდი ერთეულით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 130 ათასი ლარით არის შემცირებული, რაც ნაწილობრივ იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ავტოპარკის რაოდენობა შემცირდა.

2020 წლის რვა თვის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამი მილიონი ლარით მეტი დახარჯა, რომლის დიდი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს მოხმარდა.

„უხეში დათვლებით, პრეზიდენტის შენახვა ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გვიჯდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ფლანგვის დეტექტორი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც „მართვის მონიტორინგის ცენტრმა“ დააფუძნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების მონიტორინგია.

 

59
თემები:
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები (12)
პრემიერი გიორგი გახარია

პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12
(განახლებულია 13:56 25.11.2020)
უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში გამკაცრდება და გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კერძო სექტორის ინტერესები.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს>>

უწყების ცნობით, Covid-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე მუშაობას განაგრძობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ის წერტილოვანი შეზღუდვებიც, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იქნება დაბალასებული კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით. 

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ასევე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, მალე გახდება ცნობილი.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის მეტრო

თბილისი მეტრო დაკეტვის საფრთხის წინაშე დგას: მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია

87
(განახლებულია 13:17 25.11.2020)
დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნილ ვითარებას არასწორ მენეჯმენტს აბრალებს და პასუხისმგებელ პირებს  მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ნათქვამია მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“>>

დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნილ ვითარებას არასწორ მენეჯმენტს აბრალებს, რადგან, მათი მტკიცებით, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები არ იყო გათვალისწინებული.

„საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია... დამსაქმებელს მოუწოდებს, რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა, რამაც გამოიღო შედეგი და თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ერთობა 2013"-ის განცხადებით, მათ ჰქონდათ შეთავაზება, რომელიც დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00- ზე ჩაკეტვას გულისხმობდა, ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები რაოდენობის მატარებლის მოძრაობას. ეს გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად.

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვან შეზღუდვებს თუ არ დავაწესებთ, „ლოკდაუნს“ ბუნებრივად მივიღებთ>>

„ამ სქემით, მეტროს მემანქანის (თანამშრომლების) რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. თუმცა ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ“, - აღნიშნულია განცახდებაში.

„ერთობა 2013" ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად პასუხისმგებელ პირებს  სწრაფი და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 350-400 ათას მგზავრს ემსახურება.

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმია  – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085. ბოლო დღე–ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა და აქედან თბილისში – 1 314. 

87
თემები:
COVID-19 საქართველოში