სასწრაფო დახმარება

საქართველოში მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები მატულობს

92
(განახლებულია 19:39 04.11.2020)
პანდემიის დაწყებიდან უკვე 2,8 ათასი მედიკოსი დაინფიცირდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 6%-ს შეადგენს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა იზრდება, 4 ნოემბრის დილისათვის ქვეყანაში 209 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა >>

მან თავის კოლეგებს სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან სამედიცინო პერსონალში ინფიცირებამ ისევ მოიმატა. დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 209 შემთხვევა. იცით, რამდენად კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, რადგან ისინი სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან უკვე 2,8 ათასი მედიკოსი დაინფიცირდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 6%-ს შეადგენს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფიქსირდება საკმაოდ ბევრი ჯგუფი, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. ისინი აუცილებლად თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. სპეციალისტები ვირუსის ახალ აფეთქებას ელოდებიან.

„ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 11 527 PCR-ტესტი გაკეთდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2 295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

92
თემები:
COVID-19 საქართველოში (2474)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი საქართველოში არ განიხილება

10
ამ ეტაპზე საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებმა მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უფრო კომფორტულ პირობებში გაიარონ, კიიჩნევს მინისტრი

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი არ იხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.

„ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება, რადგან გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

ტიკარაძის სიტყვებით, კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება, ძირითადად, საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე, სასტუმროებში, სადაც მოქმედებს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცეტრატორების კუთხით.

„თუ ჩვენ, ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში (2474)
გახარიას შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: კლინიკების ხელმძღვანელები გახარიას შეხვდნენ

15
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს აქტიურად ეძებს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე მორიგი შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო ინფორმაციას კლინიკებში არსებულ საწოლფონდის რაოდენობის შესახებ, ასევე - რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა.

„კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ასევე კონტროლდება ვითარება იმ კოვიდ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად ხდება ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შეფერხებები არ არის.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად ვლინდება დაახლოებით ოთხი ათასი ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში (2474)