კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით 1,8 ათასზე მეტი სტუდენტი გადამზადდა

© photo: Sputnik / Murad Orujovექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამზადებული სტუდენტები, საჭიროების შემთხვევაში, კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში შეძლებენ მედპერსონალის დახმარებას.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინა კვირაში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით გადამზადდნენ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები. მაშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უფროსკურსელი სტუდენტები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი უბრალოდ დაეხმარებიან მათ.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „COVID-19“ ჰიბრიდული ფორმით. კურსი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად სწავლებას.

ექიმი - Sputnik საქართველო
ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

„სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო–პროგრამა „COVID-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის: მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, COVID-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას. 

მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა>>

გადამზადებული სტუდენტები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში დაეხმარონ მედპერსონალს.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0