კორონავირუსი

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მატულობს

48
(განახლებულია 16:45 02.11.2020)
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 112 ადამიანი.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 315 ნიმუშებიდან 114-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 89 დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 – მესტიაში, 3 – ჩხოროწყუში, 2–2 წალენჯიხასა და სენაკში და თითო–თითო შემთხვევა ფოთსა და ხობში. 

ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ-პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს. 

გასულ დღე–ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 112 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი, გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

48
თემები:
COVID-19 საქართველოში (2580)
პატრული

„თუ არ ვიმუშავებთ, შიმშილით მოვკვდებით" რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

9
(განახლებულია 14:09 30.11.2020)
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში  გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებას მოითხოვეს.

ე.წ „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ. 

„ჩვენ გვეუბნებიან – ორი თვე იჯექით სახლებში და შიმშილით მოკვდით. მე არ შემიძლია სახლში ჯდომა, შვილი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო. ახალ წლამდე ღია სივრცეში მუშაობის უფლება მაინც მომცენ, დისტანციასაც დავიცავ, ოღონდ სახლში რამე მივიტანო. ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ყურადღებას არ გვაქცევენ... თუ არ ვიმუშავებ, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება არ აქვთ, რის შესახებაც ისინი გაფრთხილებული არიან.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის, რუსთავში – შეჩერებულია ტრანსპორტის გადააადგილება, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა)  სპორტ–დარბაზები და აუზები და ა.შ.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2580)
ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი“

რატომ დალუქეს ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი“: შსს–ს განმარტება

15
(განახლებულია 13:58 30.11.2020)
„რეფორმერის“ ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მაგრამ ფიტნეს-დარბაზმა ფუნქციონირება განაგრძო

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა შპს „ონლაინ მეჯიქში“  (ე.წ. რეფორმერი ფიტნესი) საგამოძიებო მოქმედებები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელეს,  რის შედეგადაც  აღნიშნული ფიტნეს–კლუბი დალუქეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 28 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება. „რეფორმერი“ არ დაემორჩილა ამ შეზღუდვას და ფუნქციონირება განაგრძო, ამის გამო ფიტნეს-ცენტრის ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ  28 ნოემბერს 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, კლუბის მფლობელი გააფრთხილეს, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, თუმცა, ფიტნეს–კლუბი გუშინ ისევ გაიხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

„29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს „ონლაინ მეჯიქის"-ის ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბის მხარდაჭერა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა. იგი 29 ნოემბერს ბათუმში ჩავიდა, „რეფორმერის“ მფლობელთან ზეპირი შეთანხმება დადო და ფიტნეს-ცენტრი საცხოვრებელ ფართად იქირავა. ჯაფარიძის თქმით, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურდათ, შეუძლიათ, მასთან სტუმრად მივიდნენ და ივარჯიშონ. 

პოლიტიკოსის განმარტებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად მას შემდეგ იქირავა, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ფიტნეს–ცენტრის ტერიტორია იქ მყოფ პირებს დაატოვებინეს, დარბაზი დალუქეს და ინვენტარის აღწერა დაიწყეს.

დღეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებული არიან პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ფიტნეს–ცენტრ „რეფორმერის“ ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.

15