საპარლამენტო არჩევნები 2020

ცესკო: ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა

532
(განახლებულია 23:01 31.10.2020)
ცესკო-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი, რომელთა უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 63.8 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 51 %,  განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ჯამში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მონაცემებით 56,11%-ს (1 970 540 ამომრჩეველი) მიაღწია.
რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

მიქელაძის ინფორმაციით, დღეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში 08:00 საათიდან 20:00 საათამდე  3 881 სატელეფონო ზარი და 574 ონლაინ შეტყობინება შევიდა. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

ასევე, დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედია წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

პრეს-სპიკერის თქმით, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

532
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ლევან რატიანი

ლევან რატიანი: უნდა გავერთიანდეთ რომ გადარჩენა შევძლოთ

17
(განახლებულია 09:44 24.11.2020)
ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დამატებითი აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 3958-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან რთულია, როდესაც პაციენტი შველას გთხოვს და ვერ ეხმარები. იმედია, ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ყველა მხარე ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს.  თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს. ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია.  გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში  ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გაიმართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმინილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს. 

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 108.690-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ნოემბერს

18
(განახლებულია 14:25 21.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

18
თემები:
თბილისი დღეს
თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

0
(განახლებულია 10:31 24.11.2020)
„ანორთოსისმა“ ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხი მატჩი ჩაატარა, ოთხივეში გაიმარჯვა და გაიტანა ცხრა გოლი

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თემურ ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტას კლუბ „ანორთოსისს“ უდგას სათავეში, ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

კენჭისყრისას ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო და ამ წოდების კანდიდატ მომდევნო მწვრთნელს 20 პუნქტით გაუსწრო. კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12–მა ხმა ქეცბაიას მისცა.

ოქტომბერში „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში სულ ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეში გაიმარჯვა, გაიტანა ცხრა გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

 „ანორთოსისს“ 11 ჩატარებული ტურიდან 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „აპოლონთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს. თუმცა, „აპოლონს“ მარაგში კიდევ ერთი მატჩი აქვს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლის აპრილიდან მუშაობს. გასულ სეზონზე კორონავირუსის პანდემიის გამო კვიპროსის ჩემპიონატი ვერ დასრულდა და კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს>>

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ანორთოსის“ ბირთვს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

0
თემები:
სპორტის ამბები