თავისუფლების მოედანი

„ნაცმოძრაობის" აქცია: ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

58
(განახლებულია 19:23 29.10.2020)
თბილისის ცენტრალურ უბანში სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ. მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიების დასრულების შემდეგ აღდგება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თავისუფლების მოედანზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის დასკვნითი შეკრება თავისუფლების მოედანზე დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.

ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ:

„ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით. მსუბუქი ავტომანქანები მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ყოფილი ფოსტის შენობასთან ბრუნდებიან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით.

მიძრაობა იზღუდება რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

აღნიშნული აკრძალვის პერიოდში ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ მტკვრის ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

მოქალაქეების და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.

მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიების დასრულების შემდეგ აღდგება.

58
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)
პალატა ბათუმის კლინიკაში

ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

64
პაციენტის მდგომარეობა კლინიკა „მედინაში“ გადაყვანის შემდეგ დამძიმდა. მას სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების დაზიანება დაუდგინდა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთდა, ორი დღის შემდეგ კი გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

„მედინას“ ექიმის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რაც ნაყოფის მდგომარეობაზე მოქმედებდა, რის შემდეგაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკაში მოთავსებისას ფილტვების მძიმე დაზიანება დაუდგინდა.

„მრავალი ადამიანი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, კერძოდ, კლინიკური ცვლილებები ჰქონდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. მას კვლევის შედეგად პნევმონია და ფილტვის 23 პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. 1-2 დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს თრომბოემბოლია მოხდა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილი ჯანმრთელია და კლინიკიდან სახლში გაეწერა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.387-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია. მათ შორის ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში 525 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

64
თემები:
COVID-19 საქართველოში
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

120
(განახლებულია 19:47 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ-ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

„საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადით უზრუნველყოფას, სუნთქვის აპარატების მობილიზებას და პერსონალის ტრენინგს. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

120
თემები:
COVID-19 საქართველოში
მცხეთის რაიონული სასამართლო

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

0
პროკურორის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.

„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე