ლაბორატორია

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების 151 შემთხვევა გამოვლინდა

43
(განახლებულია 19:42 29.10.2020)
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 146 ადამიანი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 87 დაფიქსირდა ზუგდიდში. 11 შემთხვევა – ფოთში, 9 – ხობში, 6 – წალენჯიხაში, 3 – სენაკში და 1 – ჩხოროწყუში. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ-პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 146 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

43
თემები:
COVID-19 საქართველოში (2631)
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

31
(განახლებულია 16:56 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან ათი ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

 „საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

31
თემები:
COVID-19 საქართველოში (2631)
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი

„მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“ - ნოე სულაბერიძის მოულოდნელი განცხადება

50
(განახლებულია 14:30 03.12.2020)
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გააკეთა. ნახეთ რას ვერ აკეთებს მისი აზრით ნინი ბადურაშვილი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოუერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ სვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნული კომენტარი დააიგნორა.

რამდენიმე თვის წინ „პრაიმ შოუს“ გამორჩეული სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინი ბადურაშვილმა ცნობილი პროდიუსერის „სთორი“ დაიწუნა და საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „საღამო მშვიდობისა, გისმენთ...“ დაწერა ნოემ Instagram-ზე. შეკითხვების ფუნქციის გამოყენებით პროდიუსერს უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთმა დაწერა, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოლოკი პირველად მიირთვა.

ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილი მონიშნა და დაწერა: „დღეს ნინი ბადურაშვილმაც ბოლოკის დესერტი მოამზადა“. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა კოლეგის ხუმრობას წარუმატებელი უწოდა. „რა წარუმატებელი ხუმრობა იყო“, - დაწერა ნინიმ.

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად  აქვეყნებდა. მათი რომანის შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

My Number One - წერდა ნოე ნინისთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები მათი რომანის შესახებ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გავრცელებული ხმები გაფანტა, როცა ქართულ ჟურნალ OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოე სულაბერიძესთან რომანი ჰქონდა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

50
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები