ყაზახეთი

ქართველი ბიზნესმენი ყაზახეთში მილიარდერი გახდა

86
(განახლებულია 13:36 28.10.2020)
მიხეილ ლომთაძის ქონება 2 მლრდ დოლარად ფასდება. ქართველი ბიზნესმენი ყაზახეთში საფინანსო ტექნოლოგიებითაა დაკავებული.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველობის თავმჯდომარე მიხეილ ლომთაძე და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ მილიარდერები გახდნენ, იუწყება ყაზახური Forbes

კომპანიის აქციების საწყისი ფასი 38 აშშ დოლარს შეადგენდა, ბოლოს კი 46,9 დოლარს მიაღწია. სულ გაიყიდა კომპანიის 4,4 მლნ აქცია.

ამის გათვალისწინებით, კიმის ქონება 2,5 მლრდ დოლარად, ლომთაძის კი 2 მლრდ დოლარად შეფასდა.

Kaspi.kz სამ პლატფორმას მართავს – Payments, Marketplace და Fintech, ჯგუფის შემადგენლობაში შედის ასევე სააქციო საზოგადოება Kaspi Bank.

ეკოსისტემა Kaspi.kz აერთიანებს სხვადასხვა სერვისებს ფიზიკური პირებისა და საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის: ფინანსური მომსახურება, ავტომობილის შესაძენად ონლაინ–სესხები, ბარათების გამოყენებით ონლაინ–გადახდები და ფულადი გადარიცხვები, მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა საქონლის ყიდვა–გაყიდვისთვის ინტერნეტ–სივრცე, პარტნიორთა ქსელში შოპინგისთვის მყიდველთა კლუბი.

ვინ არის მიხეილ ლომთაძე

45 წლის მიხეილ ლომთაძე წარმოშობით ბათუმელია. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ევროპული მართვის სკოლა (European School of Management), 2002 წელს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში МВА-ს ხარისხი მიიღო. 

სტუდენტობის პერიოდში თბილისში დააფუძნა აუდიტორული და კონსალტინგური კომპანია Georgia Consulting Group Audit, 2002 წელს კომპანიამ შეისყიდა გლობალური ქსელი Ernst&Young. 2002 წელს მუშაობდა პირდაპირი ივესტიციების ფონდ Baring Vostok-ში საინვესტიციო პროექტების მენეჯერად. 2007 წლიდან სააქციო საზოგადოება Kaspi Bank-ის მმართველობის თავმჯდომარეა.

2008 წელს ლომთაძემ განაცხადა: „მე, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს საქართველო. ოდესმე, სიცოცხლის ბოლოს აუცილებლად ვიცხოვრებ საქართველოში“.

2017 წელს მან დაადასტურა, რომ ქართული პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.

2020 წლის ივნისში მიხეილ ლომთაძე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული მედლით დაჯილდოვდა.

86
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

27
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბინის გასაღები

სტიქიის შედეგად დაზარალებულ გოგონას აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

37
2 ოქტომბერს გოგონას სახლი მშობლებთან და ძმასთან ერთად მრავალტონიანმა მეწყერმა ჩაიტანა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახი დაეღუპა, აჭარის მთავრობამ საჩუქრად საცხოვრებელი ბინა გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მე-6 კლასელ თიკა თედორაძეს ბინა ბათუმში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ის ასევე ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

თიკა თედორაძეს ასევე ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურებისგან“ სტიპენდია დაენიშნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ავტომობილის მგზავრი იყო, სამი – ერთი ოჯახის წევრი – გოგონას მშობლები და 16 წლის ძმა. თავად გოგონა კი ამ დროს ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

37