კორონავირუსის ეპიდემია

პანდემიის მეორე ტალღა: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში

167
(განახლებულია 20:08 27.10.2020)
მიუხედავად ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებისა, მთავრობა სისტემური შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს და წერტილოვანი შეზღუდვებით შემოიფარგლება.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო 10 სექტემბერს ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღის დაწყება გამოაცხადა. 

შეზღუდვების შემოღება ეტაპობრივად ხორციელდებოდა, რომლებიც, პირველ რიგში, შეეხო აჭარას, სადაც ზაფხულის შემდეგ ეპიდვითარება განსაკუთრებით გაუარესდა და რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში ყველა სასწავლო დაწესებულება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 24 სექტემბრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაჩერდა, რესტორნებსა და კაფე–ბარებს კი მომხმარებელთა მომსახურება 22:00 საათის შემდეგ შეეზღუდათ.

კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ორბელი და ლაჟანი 10 სექტემბრიდან ჩაიკეტა.

მეზვრიშვილი: ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება>>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამოცხადებიდან რვა თვის შემდეგ არავის მოუგონია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ „უფრო ეფექტური საშუალება, ვიდრე პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა“. იგი მოსახლეობას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები:

– 31 ოქტომბრამდე შეზღუდულია საერთაშორისო ავიამიმოსვლა (1 ნოემბრიდან ავიაკომპანიები ათ რეგულარულ ავიარეისებს აღადგენენ დოჰადან (ყატარი), ვარშავიდან (პოლონეთი), ათენიდან (საბერძნეთი), ამსტერდამიდან (ნიდერლანდები), ვენიდან (ავსტრია), ბერლინიდან (გერმანია), მილანიდან (იტალია); ქუთაისში – კატოვიცედან (პოლონეთი), ვილნიუსიდან (ლიეტუვა) და დორტმუნდიდან (გერმანია).

– დიდ ქალაქებში რესტორნები და კაფე–ბარები 22:00 საათამდე მუშაობენ

– აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დახურულ და ღია სივრცეებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართვა

– აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა

– მთლიანად შეჩერებულია ღამის კლუბების მუშაობა

– კინოთეატრების, თეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების გახსნა 2020 წლის 1 ნოემბრამდე გადაიდო 

– საქართველოს სკოლებში შემოღებულია სწავლების შერეული (საკლასო ოთახებსა და დისტანციურად) მოდელი

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის გამოყენება

– პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, რეკომედებულია ასევე ღია სივრცეშიც.

– თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა 19 სექტემბრიდან ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში, თეორიული სწავლება კი დისტანციურად განაახლეს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება და მთავარი სტრატეგია – წერტილოვანი შეზღუდვებია.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1824-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 32127-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

167
თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

20
(განახლებულია 19:59 30.11.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანს ინფექცია PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ასევე მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

მინისტრთა კაბინეტში კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. ისინიც მკურნალობის კურსი საცხოვრებელ სახლში გადიოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)
გიორგი გახარია

გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა

24
გიორგი გახარიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით მზარდი ინფიცირების გამო აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ შეიქმნას, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრა გამართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლების მობილიზებაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

24
თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)
პოლიციის ლენტი

ქუთაისის კლინიკიდან გაპარული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს

0
ოჯახის ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. ცხედარი პოლიციამ კლინიკის მახლობლად იპოვა.

 თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული 76 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ანზორ ლომჯარიას კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა. სავარაუდოდ, პაციენტი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პაციენტის ცხედარი სამართალდამცველებმა კლინიკასთან ახლოს ტყეში აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში