ტესტი კორონავირუსზე

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

120
(განახლებულია 18:28 24.10.2020)
პარლამენტის დეპუტატი ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს. ასევე ინფიცირებულია ოთარ კახიძის მეუღლეც.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

კახიძის თქმით, მას ხველა, სიცხე და სახსრების ტკივილი აღენიშნება. ის ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

დეპუტატის ინფორმაციით, ვირუსი მის მეუღლესაც დაუდასტურდა.

„მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით“, - წერს კახიძე.

ოთარ კახიძის თქმით, მისი გუნდი ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის რეკომენდაციებით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

120
თემები:
COVID-19 საქართველოში (2548)
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

9
(განახლებულია 18:18 27.11.2020)
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას ყველა საჭირო რეკომენდაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქუთაისის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც იზრდება“, - წერს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფთხილდეთ.

„მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. ასევე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ თავყრილობებსა და ქუჩაში გასვლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45.7 პროცენტი მიიღო.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.63 პროცენტი მიიღო), მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით იოსებ ხახალეიშვილმა ხმების რაოდენობის 92.02 პროცენტი დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2548)
სასწრაფო დახმარება

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

25
(განახლებულია 17:52 27.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსს  კიდევ ერთი ექიმი, „იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მედიკოსი მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა. ის თავიდან სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა.

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს, გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათამდე წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

25
თემები:
COVID-19 საქართველოში (2548)