მთავრობის სხდომა

COVID-19 საქართველოში: მთავრობამ მკაცრი რეკომენდაციები გასცა

161
საბჭოზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეპიდემიოლოგები ნოემბერში დღე-ღამეში 3-4-5 ათასიან ზრდას არ გამორიცხავენ

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში >>

აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

„თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად. პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ის პროგნოზები, რაც გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, შემცირდება. თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საბჭოს წევრებმა განიხილეს როგორც საწოლფონდის, ისე სამედიცინო პერსონალის კუთხით არსებული რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, თუმცა ის ამოუწურავი არ არის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველა იმ რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო და ეპიდემიოლოგები გასცემენ.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამიერიდან, PCR-ტესტებთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ევროკავშირშიც გამოიყენება. შესაბამისი ცვლილება სტრატეგიაში, ევროკავშირის ქვეყნებმა, ისევე, როგორც საქართველომ უკვე განახორციელეს. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე - აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, გარდაიცვალა 10 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

161
თემები:
COVID-19 საქართველოში (2550)
City Mall საბურთალოზე

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ

18
(განახლებულია 18:45 27.11.2020)
სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, უმუშევარი ცენტრებში  დასაქმებული  დაახლოებით 17 ათასი ადამიანი დარჩება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს და სთხოვს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება>>

ხუთშაბათს  უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო  24 დეკემბერი - 15 იანვრის პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16 იანვარი - 31 იანვრის პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

მიმართვას უერთდებიან: „თბილისი მოლი", „ისთ ფოინთი", „თბილისი ცენტრალი", „ქარვასლა", „სითი მოლი".

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან  ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გარცელების ცხელი წერტილი.

„გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.

ამასთან, მათი მტკიცებით,  მოლების დახურვა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

„გადარჩენის რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. არანაირი წინაპირობა, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და ხდებოდა სატრანსპორტო შეზღუდვა, არ არსებობდა. იყო საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე“, - განაცხადა „თბილისი ცენტრალის" წარმომადგენლმა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით,  ხუთი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველი დაკეტილი დღე ნიშნავს 10 მლნ ლარამდე ზარალს, ამ ცენტრებში კი დასაქმებულია  დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.

ამასთან, მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან  – 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში (2550)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

20
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2550)