პოლიცია

სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულთ PCR-ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

332
სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, ძალოვანი უწყებები, ცესკო და სხვა ოფიციალური სტრუქტურები

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების პერსონალს სიმპტომების მიუხედავად კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება, განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ. 

ადამიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლა არ მოუწევთ და ისინი ყოველ სამ დღეში PCR-ტესტს ჩაიტარებენ. 

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებაში შევიდა.

„სტრატეგიულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალი პრაქტიკულად შეუცვლელი კადრია. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები იზოლაციაში დავსვათ, უბრალოდ სამ დღეში ერთხელ ტესტირების საშუალებით შევეცდებით, გამოვავლინოთ, თუ მათ რამე რისკი აქვთ და დავიცვათ მათი გარშემომყოფები“, - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, საქართველოს სასამართლოები, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იურიდიული დახმარების სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საუბნო/საოლქო კომისიები, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

332
თემები:
COVID-19 საქართველოში (2499)
მართლმსაჯულება

ეუთო/ოდირი საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს მონიტორინგს გაუწევს

10
(განახლებულია 21:14 24.11.2020)
საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროცესზე დაკვირვების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას ომბუდსმენის აპარატმა მიმართა

 

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ეუთო/ოდირის მისია მზადაა თვალი მიადევნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე შერჩევის პროცესი დაიწყო. ცხრა ვაკანსიაზე დოკუმენტების მიღება უკვე დასრულდა.

 „ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროცესს თავისი კომპეტენციის  ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს ასევე საქართველოს სახალხო დამცველი.

მოსამართლეთა შერჩევის წესი

შერჩევა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც თითოეულ კანდიდატურას ცალკე უყრის კენჭს. 

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატს გაესაუბრება საჯაროდ და შეამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ.

შემდგომ ეტაპზე, გასაუბრების შედეგად, მცირდება კანდიდატების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყა, რათა საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ. სიაში ხვდება ის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 მისცემს ხმას.

10
კორონავირუსის ეპიდემია

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“

125
(განახლებულია 01:28 25.11.2020)
აშშ-ში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული დღეს ონლაინ-ფორმატში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება, რათა ჯანდაცის სექტორმა ამოისუნთქოს, განაცხადა მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ადამიანთა მობილობა იზრდება, რაც კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. საქართველოს მთავრობა ბოლო დღეებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება და იმ დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობს, რომლებმაც ინფექციის გავრცელების შეკავებას უნდა შეუწყონ ხელი.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. პრემიერმა ისაუბრა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

„რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს“, - განაცხადა გურულმა.

მისი თქმით, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა.

„ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ, რომ მოვახდინოთ მაღლა მკვეთრად მიმავალი პიკის გარკვეულად გაბრტყელება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ ბიზნესს და ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში, რომ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, გავამკაცროთ შეზღუდვები, რომ ამ შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ჯანდაცვის სექტორს“, – განაცხადა ზურაბ გურულმა.

იგივე მოსაზრება გამოთქვა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა. მისი თქმით, აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში მოქმედებს.

„მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე“, - განაცხადა წერეთელმა.

ქუთაისის პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა >>

რაც შეეხება საქართველოში მოღვაწე ეპიდემიოლოგებს, ისინიც ეთანხმებიან უცხოეთში მოღვაწე კოლეგებს და შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობენ. თუმცა, მათი თქმით, კონკრეტულად რა შეზღუდვები დაწესდება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს; ეს არის – ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვები, არასენციალური სავაჭრო ობიექტები, სატრენაჟორო სივრცეები. რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში, რომ ქვეყანაში არ იყოს ექსპონეციალური ზრდა, როცა ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს ვღებულობთ, – განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს.

პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 112 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში 18 526 აქტიური შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

125
თემები:
COVID-19 საქართველოში (2499)